აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირი”აფხაზეთის თასი 2020”

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 24 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, თავდაცვის სამინისტროსა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის მხარდაჭერით, თბილისში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ პარკ’’ მზიურის’’საფეხბურთო სტადიონ ‘’მასტერ კლას-არენაზე’’ დაიწყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ხსოვნისადმი  მიძღვნილი ტურნირი ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის. აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობას საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა 5 გუნდი მონაწილეობს: თბილისის ”თბილისი”, ზესტაფონის ”მარგვეთი”, ზუგდიდის ”ოდიში”, ბათუმის ”აჭარა” და გორის ”დილა”. გუნდების შემადგენლობაში, ძირითადად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო- სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დასახიჩრებული ვეტერანები არიან.

ტურნირის პირველი შეხვედრა გაიმართა თბილისის”თბილისსა” და ზესტაფონის ”მარგვეთს” შორის და იგი მასპინძელთა გამარჯვებით, 7:4 დასრულდა. ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართება 26 სექტემბერს, 12:00 საათზე. გამარჯვებულ გუნდს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული გარდამავალი თასი გადაეცემა.

აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ხსოვნისადმი მიღვნილი ტურნირი 2016 წელს დაარსდა და ყოველწლიურად ტარდება.