ბაბუშერას ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა

Posted by nona shamatava

1993 წელს 22 სექტემბერს, თვითმფრინავს, რომელიც თბილისიდან სოხუმში მიფრინავდა და რომლის ბორტზეც სამხედრო პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის მეომრები, გვარდიის მებრძოლები, სამხედრო შენაერთ “მხედრიონის” წევრები, მოხალისეები, სამედიცინო მუშაკები და სამოქალაქო პირები იმყოფებოდნენ, რუსული სამხედრო ხომალდებიდან ცეცხლი გაუხსნეს. მფრინავმა შეძლო, ცეცხლში გახვეული თვითმფრინავი სოხუმის (ბაბუშერას) აეროპორტში დაესვა, მაგრამ, სამწუხაროდ, ავიალაინერში მყოფი 100-ზე მეტი მგზავრიდან, მხოლოდ 16 გადარჩა, დანარჩენი კი _დაიღუპა. მათი ცხედრები აეროპორტთან ახლოს დაკრძალეს.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დასრულებიდან გარკვეული დროის შემდეგ, ბაბუშერას სამარხიდან, ნეშტების ამოცნობა და გადმოსვენება მოხერხდა _ 2010 წელს, წითელი ჯვრის ეგიდით, შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც 1992-1993 წლებში, აფხაზეთის ომში, უგზო -უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს შეისწავლის. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შედეგად, გადაწყდა ბაბუშერას ძმათა სასაფლაოს გახსნა, ცხედრების იდენტიფიცირება და გადმოსვენება.
გადმოსვენების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობდა. ტრაგედიის მსხვერპლთა ნეშტები დიღმის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა იდენტიფიცირებისა და მათი გადმოსვენებისათვის, სახელმწიფოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივი მუშაობა კვლავ გრძელდება.