ბოულინგის ინტეგრირებული ჩემპიონატი საქართველოს პირველობაზე

Posted by nona shamatava

‘’ახალგაზრდული მედიაკავშირის’’ ორგანიზებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს თანადგომით, თბილისი გალერიის ბოლრუმის ადაპტირებულ დარბაზში, აფხაზეთის ომის გმირის, თემურ სახოკიას სახელობის ბოულინგის ინტეგრირებული ჩემპიონატი–2023 გაიმართა.

საქართველოს პირველობაზე გამართულ ტურნირში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საომარ მოქმედებებში დაჭრილ–დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა, ომის ვეტერანებმა, პარასპორტსმენებმა, შშმ ქალებმა და მამაკაცებმა თბილისიდან, ქუთაისიდან, გორიდან, მარნეულიდან, ვანიდან, ყვარლიდან და საგარეჯოდან. მონაწილეები ერთმანეთს გუნდურ და ინდივიდუალურ დისციპლინებში დაუპირისპირდნენ. გამოვლინდა გამარჯვებული ოთხეული– პირველი ადგილი მოიპოვა და გარდამავალი თასი გადაეცა თბილისელებით დაკომპლექტებულ  გუნდს, რომელშიც 3 უსინათლო და მცირემხედველი გოგონა და 1 ომის ვეტერანი მონაწილეობდა. ინდივიდუალურში საუკეთესო შედეგი ვაჟებს შორის საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომის დროს დაჭრილმა გიორგი ჩაფიძემ მოიპოვა, ხოლო გოგონათა შორის_ მცირემხედველმა ნანა ყურაშვილმა, რომელმაც პროექტში წელს პირველად მიიღო მონაწილეობა.  

ღონისძიების გენერალური სპონსორი გახლდათ პლატფორმა ინიციატივა, სპონსორები_ კომპანია „სოკარი“ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

 პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას და მისი აღსრულების ხელშეწყობით შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარ–უფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრებას.