გიზო ნაცვლიშვილი (სიკვდილის შემდეგ) ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა

Posted by nona shamatava

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განკარგულებით, აფხაზეთის ომის ვეტერანს, გიზო ნაცვლიშვილს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისთვის, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი მიენიჭა. სამშობლოს ერთიანობისათვის თავდადებული ბრძოლისთვის, გიზო ნაცვლიშვილის დამსახურებული ჯილდო, მის დას, თინათინ ნაცვლიშვილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში,საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა შეწყალების, მოქალაქეობის, დაჯილდოებისა და სამართლებრივ საკითხებში, ანგი ხუციშვილმა გადასცა;

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, გიზოს დამსახურებაზე, მეომრულ ღვაწლზე ისაუბრა და მისი ოჯახის წევრებს, სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

გიზო ნაცვლიშვილი 1971 წლის 11 თებერვალს ქ. წყალტუბოში დაიბადა. აფხაზეთის ომში, სამშობლოს ერთიანობის დასაცავად, ქუთაისის ნ.მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი, მოხალისედ წავიდა. იგი სხვადასხვა ქვედანაყოფის შემადგენლობაში იბრძოდა, 1993 წლის 1 აპრილიდან კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მობილური ძალების ნაწილ 43323-ს_სადესანტო-მოიერიშე ბატალიონს შეუერთდა.

1993 წლის 23 სექტემბერს, სოხუმისთვის მიმდინარე ბრძოლა, გიზოსთვის საბედისწერო აღმოჩნდა_ სოფელ ახალდაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, საბრძოლო ოპერაციების დროს, სამხედრო მეთაურებისგან მიიღო დავალება, გაერღვია მოწინააღმდეგის თავდაცვის საყრდენი პუნქტი, რაც, თავის რაზმთან ერთად, წარმატებით განახორციელა და ამით, იქ მყოფი უამრავი თანამებრძოლის სიცოცხლე გადაარჩინა. ამ ბრძოლის დროს, იგი, ხერხემლის არეში მძიმედ დაიჭრა, რის გამოც, სიცოცხლის ბოლომდე ლოგინს მიეჯაჭვა.

გიზო ნაცვლიშვილი, ომში მიყენებული ჭრილობის შედეგად, მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 2006 წლის 2 დეკემბერს გარდაიცვალა. მან სამშობლოსათვის, უანგაროდ გაიღო თავისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე.