დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაცია

Posted by nona shamatava

“რედისონ ტერასაზე”ღია სივრცეში, სათანადო წესების დაცვითა და რეგულაციების გათვალისწინებით, დაჭრილი და დაშავებული სამხედროების ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ, „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2020 წლის ანგარიშზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი,საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი,  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალი კობა კობალაძე, „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი გიორგი რამიშვილი, საქართველოში აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ლიდერი პოლკოვნიკი ნორბერტ ჰესსი, აშშ-ის სამხედრო ატაშე სტეფანი ბეგლი, აშშ-დან კი, ვიდეოკონფერენციის საშუალებით ჩაერთო საქველმოქმედო ორგანიზაციის Allied Forces Foundation დამფუძნებელი სტუარტ ტეილორი.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალმა კობა კობალაძემ სიტყვით გამოსვლისას „დაჭრილ მებრძოლთა ფონდის“ მინიშვნელობაზე ისაუბრა და დაჭრილი-დაშავებული სამხედროების, ვეტერანების მიმართ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის ფონდის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომავალი წლიდან რეაბილიტაციისა და ადაპტაციის ახალი პროგრამა დაიწყება. მინისტრის ინიციატივით ასევე, დაწესდა დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა დღე, რომელიც პირველად 2021 წლის 27 იანვარს აღინიშნება.

შემაჯამებელი ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათის იყო, შესაბამისად, მისი მსვლელობის პარალელურად ზუმის ჩათში ყველა მსურველმა შეძლო თავისი შემოწირულობის დაფიქსირება. „დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდმა დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების, ასევე, ვეტერანების  მხარდაჭერის მიზნით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და საქველმოქმედო ღონისძიება განახორციელა. ფონდი დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს ისეთ საკითხებში უწევს დახმარებას, როგორიცაა სახლის ადაპტირება, შვილების რეაბილიტაცია/მკურნალობა, უცხოეთში ოპერაციის  დაფინანსება, ასევე უცხო ენის კურსების, მედიკამენტების, სამედიცინო აპარატის შესყიდვის დაფინანსება და სხვა.