დღეს ჟიული შარტავას დაბადების დღეა

Posted by nona shamatava

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღეა. მას 76 წელი შეუსრულდებოდა.

დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ, ჯანდრი უბირიამ, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ვაკის პანთეონში, ჟიული შარტავას საფლავი გვირგვინით შეამკო და ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგო.

ჟიული შარტავა 1944 წლის 7 მარტს, სენაკში დაიბადა. სწავლობდა სენაკის მეორე საშუალო სკოლაში. 1966 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი. მუშაობდა სხვადასხვა პარტიულ თანამდებობებზე, თბილისსა და რუსთავში. იყო ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. 1989 წელს, სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია დაამთავრა.

1992 წელს, ჟიული შარტავა, რუსთავის მაჟორიტარული ოლქიდან, საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრად აირჩიეს; აფხაზეთის ომის დროს, 1993 წლის ივნისში, ჟიული შარტავა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. „ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, რომ ძნელია ამის შემყურემ, სიცოცხლეზე იფიქრო“… _ ჟიული შარტავამ ეს სიტყვები, სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე თქვა. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, გენერალ-მაიორი ჟიული შარტავა, უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვას, რა დროსაც, აფხაზმა სეპარატისტებმა და ჩრდილო-კავკასიელმა კონფედერატებმა,  იგი თანამებრძოლებთან ერთად, ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს.

2004 წელს, ჟიული შარტავას, პირველს საქართველოს ისტორიაში, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. იგი, სიკვდილის შემდეგ, ასევე, დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

2014 წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, ჟიული შარტავას სახელობის სახელმწიფო პოლიტიკისა და მართვის სადოქტორო სკოლა დაფუძნდა. 2019 წელს, მის დაბადების დღეზე, სენაკის მეორე სკოლას, რომელშიც საქართველოს ეროვნული გმირი სწავლობდა, ჟიული შარატავს სახელი მიენიჭა. წელს, საქართველოს ფოსტამ, მისი იუბილეს აღსანიშნავად, ჟიული შარტავას საფოსტო მარკა გამოსცა.

ჟიული შარტავას გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ, უცნობი ავტორის წერილი მიიღო;  ავტორმა არ იცოდა, რომ პიროვნება, ვის შესახებაც წერდა, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. რუსულად დაწერილ წერილში ეწერა: „ჩვენ არ ვიცოდით, ვის ვესროდით, მაგრამ ერთი კია, გამაოცა ამ კაცის შეუდრეკელობამ, უშიშრობამ, სიმამაცემ, სამშობლოს ამგვარმა სიყვარულმა. მისი სახელი ასანთის კოლოფზე დავწერე, რათა იცოდეთ, როგორი გმირები ჰყავს საქართველოს. და, თუ საქართველოს თუნდაც ერთი ადამიანი ჰყავს ასეთი, იმ ქვეყანას გადაშენება არ უწერია”. ეს ბარათი მომწერა კაცმა, რომელიც მტრის ბანაკში იბრძოდა და ალბათ, თვითონაც მონაწილეობდა შარტავასა და მისი მეგობრების წამებაში“.

დიდება გმირებს!