დღეს ქართული ჟურნალისტიკის დღეა

Posted by nona shamatava

21 მარტს, საქართველოში, ჟურნალისტიკის დღეს აღნიშნავენ.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ყველა ჟურნალისტს ულოცავს პროფესიულ დღეს და დღეგრძელობას, წარმატებებს, ერთიან, ძლიერ საქართველოს უსურვებს.
21 მარტს, ქართული ჟურნალისტიკის დღე, 1993 წელს, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივად დააწესეს. ქართული ჟურნალისტიკის დღედ, პირველი ქართული გაზეთის_ ჯერ “საქართველოს გაზეთის”, შემდეგ კი “ქართული გაზეთის” დაარსების დღე დაწესდა. სწორედ 1819 წლის 8 მარტს, ახალი სტილით _21 მარტს გამოვიდა გამოცემის პირველი ნომერი.
ამ დღეს განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას შეწირული ჟურნალისტები: ალექსანდრე (საშა) ბერულავა, ავთანდილ (კუკური) ადანაია, ხუტა ახალაია, გულირიფშელი გიგლა ძიძიგური, ალექსანდრე (საშა) იოსელიანი, ალექსანდრე ჩიტაძე, გულიკო გორდულაძე, დიანა ციბაძე, რევაზ ოსეფაშვილი, ჯანო ინაძე, იური დოლგოპოლოვი, გიგა ჩიხლაძე, საშა კლიმჩუკი. ქვეყნის ერთიანობისათვის დარაზმული ეს უმუნდირო ჯარისკაცები, უშიშრად გადიოდნენ ბრძოლის წინა ხაზზე და ამზადებდნენ სატელევიზიო თუ საგაზეთო რეპორტაჟებს. მათ საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე წუთების ამსახველი კადრები, სამშობლოსათვის თავდადებულ მეომართა ბრძოლების მატიანე, მომავალ თაობებს, საკუთარი სიცოცხლის ფასად შემოუნახეს!
მარადიული ნათელი მათ ხსოვნას!