ვეტერანებისთვის ჩაფიძის გულის ცენტრში მორიგი უფასო კვლევები ჩატარდა

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 12 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) ჩაატარეს. კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება უსასყიდლოდ გაეწია სამსახურის 50 – ზე მეტ ბენეფიციარს. განხორციელდა 160 -მდე ვიზიტი.

აქციის მიმდინარეობას, ადგილზე გაეცნო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ამურ რევიშვილი.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად იმართებოდა. მემორანდუმის გაფორმებიდან დღეის ჩათვლით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა 114 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს; უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწია 10 661 ბენეფიციარს.

მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.