ვლადიმერ იმნაძემ გვარდიელებს იუბილე მიულოცა

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, ეროვნული გვარდიის დაარსებიდან 29-ე წლისთავთან დაკავშირებით, ეროვნულ გვარდიაში საზეიმო მიღება გაიმართა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ვეტერან და მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს დღევანდელი დღე მიულოცეს.

მათ პატივით მოიხსენიეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ბრძოლის ველზე დაცემული და საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეები და აღნიშნეს ის ღვაწლი, რომელიც საქართველოს ეროვნულ გვარდიას დაარსების დღიდან შეაქვს შეიარაღებული ძალების მშენებლობასა და მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაში. ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა იმ სასიკეთო ცვლილელებებზე, რომლებსაც სახელმწიფო სამხედრო მოსამსახურეების სოციალური და ეკონომიური პირობების  გასაუმჯობესებლად განახორციელებს.

‘’მე მოხარული ვარ და ამაყი ვარ, რომ დღეს ჩვენ, ძველი ვეტერანები, თქვენი მასწავლებლები, თქვენი მამები, თქვენთან ერთად ვართ და გილოცავთ გვარდიის დაარსების დღეს. განსაკუთრებით მიხარია ის, რომ გვარდია დღესაც ჩართულია სამშვიდობო მისიებში; აქტიურად იღებს მონაწილეობას ამ პროექტში. განსაკუთრებით მიხარია ის პრიორიტეტები, რაც თავდაცვის მინისტრმა აქ გააჟღერა, იმიტომ, რომ 25 წლის წინ, ამ პროექტებზე საერთოდ არავინ არ საუბრობდა. არც ბინებზე, არც ხელფასების მომატებაზე.. ჩვენ შევძელით ის, რომ გვარდია მოვიყვანეთ დღევანდელ დღემდე და მე მჯერა, რომ გვარდია უფრო გაძლიერდება და ყოველთვის იქნება თავდაცვის ძალების მოწინავე რიგებში,“_ აღნიშნა ვლადიმერ იმნაძემ და ეროვნული გვარდიის უფროსს, პოლკოვნიკ ირაკლი ჭუმბურიძეს, ვეტერანების სახელით, საჩუქრად წმინდა გიორგის ხატი გადასცა.

ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები: იოსებ ფრიდონაშვილი, ზაზა გაბედავა, ზურაბ ხარძიანი, ალექსანდრე დოღონაძე, ზურაბ ჭინჭარაძე, გიორგი მჭედლიძე, ლაშა პაქსაშვილი, ოლეგ ხაჭვანი, გიორგი გოგინაშვილი, ნიკოლოზ ტყეშელაშვილი და ზაზა ჩადუნელ „ღირსეული გვარდიელის“ სიგელებითა და სამკერდზე ნიშნებით დაჯილდოვდნენ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ყველა ვეტერან გვარდიელს და მოქმედ სამხედრო მოსამსახურეს ულოცავს ეროვნული გვარდიის დაარსების დღეს და დღეგრძელობას, კეთილდღეობას, მშვიდობიან, ერთიან, ძლიერ საქართველოს უსურვებს!