ზუგდიდში, საქართველოს ეროვნული გმირის, გენო ადამიას ბიუსტი გაიხსნა

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 16 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ზუგდიდში, საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას ბიუსტის გახსნის ცერემონიალს დაესწრო.

კობა კობალაძემ,, სიტყვით გამოსვლისას გენო ადამიას ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან სამშობლოსადმი სიყვარულით, ვაჟკაცობით და თავგანწირვით საკუთარი სახელი სამარადჟამოდ უკვდავყო. 

გენო ადამიას ბიუსტის ავტორი მოქანდაკე ბადრი სხულუხიაა, ინიციატორი კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე, ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეტერანები, ეროვნული გმირის ოჯახის წევრები და თანამებრძოლები.

გენო ადამია 1990-იან წლებში იყო ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, განსაკუთრებული ძალისხმევა გამოიჩინა ეროვნული გვარდიის 23-ე ბრიგადის ფორმირებაში.

1993 წელს, გენო ადამიას, გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. აფხაზეთის ომში, მასთან ერთად, მისი ორი ვაჟი- გოჩა და ელგუჯა მონაწილეობდნენ.

გენერალ-მაიორი გენო ადამია 1993 წლის 28 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს, მდინარე კელასურის ხიდთან დაიღუპა, როდესაც თანამებრძოლებთან ერთად, ამ მიმართულებით პოზიციის გასამაგრებლად გაემართა.

1993 წელს, აფხაზეთის ომის დროს, ის დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით და 1994 წელს, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

2020 წლის 22 სექტემბერს, გენო ადამიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე.