თავდაცვის ძალების რაგბის ნაკრები სამხედრო ძალებს შორის შვიდკაცა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას

Posted by nona shamatava

საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის ნაკრები საფრანგეთში გაემგზავრა ჯარებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე „შვიდკაცა რაგბიში“,რომელიც 17-19 ივნისს, ქ. აჟენში, გაიმართება.

მორაგბეები, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა, ჯონი ტატუნაშვილმა პირადად გააცილეს, გამარჯვება და  წარმატებები უსურვეს.

თავდაცვის ძალების 12-კაციანი რაგბის ნაკრები სხვადასხვა ქვედანაყოფიდან შერჩეული სამხედრო მოსამსახურეებით არის დაკომპლექტებული. საფრანგეთში გამგზავრებამდე, სამხედროებმა, მომზადება, ავჭალაში მდებარე რაგბის სტადიონზე გაიარეს. ნაკრებთან ერთად, ჩემპიონატზე გაემგზავრნენ საქართველოს თავდაცვის ძალებსა  და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან არსებული სპორტული კლუბის, ‘’არმია’’-ს წარმომადგენლები.

საერთაშორისო ჩემპიონატი შვიდკაცა რაგბიში ჯარებს შორის, წელს დაარსდა და პირველად ტარდება. ტურნირში, რომელიც საფრანგეთის რაგბის ეროვნული ფედერაციისა და პირადად მისი პრეზიდენტის, ბერნარდ ლაპორტის მხარდაჭერით ტარდება, მონაწილეობას  იღებენ  საფრანგეთის, ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, ნიდერლანდების, სამხრეთ კორეის, კოტდიუვარის, საქართველოსა და უზბეკეთის სამხედრო ძალების გუნდები.

წარმატებულ ასპარეზობას და გამარჯვებას ვუსურვებთ ჩვენს სამხედროებს!