კობა კობალაძემ არკადი კასრაძის ხსოვნას პატივი მიაგო

Posted by nona shamatava

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, მოადგილეებთან, სამსახურის თანამშრომლებთან და ვეტერანებთან ერთად, დღეს, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის_ არკადი კასრაძის ოჯახს მიუსამძიმრა და მის  ხსოვნას პატივი მიაგო. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ქართველი, სამშობლოში დღეს, გამთენიისას ჩამოასვენეს. მას სამხედრო პატივით დახვდნენ.

არკადი კასრაძე, წარმოშობით, სამაჩაბლოდან_ ერგნეთიდან იყო. იგი 1981 წლის 5 ივნისს დაიბადა. სერჟანტი არკადი კასრაძე, 2004 წლიდან 2019  წლამდე მსახურობდა  გორის ცალკეულ ჯავშანსატანკო ბატალიონში; მონაწილეობას იღებდა ერაყში_საერთაშორისო-სამშვიდობო მისიაში. დაჯილდოებულია თავდაცვის სამინისტროს მესამე და მეორე ხარისხის მედლით’’ უმწიკვლო სამსახურისთვის’. არკადი კასრაძე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე გახლდათ; რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლა მოძმე უკრაინაში განაგრძო და უკრაინელების მხარდამხარ იბრძოდა; 16 აპრილს, არკადი კასრაძე, რუბეჟნოეში, რუსი აგრესორების წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა. მას 26 აპრილს, მშობლიურ ერგნეთში დაკრძალავენ.

16 აპრილს, უკრაინაში, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას, კიდევ ორი ქართველის _ალიკ ცაავასა და ზაზა ბიწაძის სიცოცხლეც შეეწირა. მათ, სამშობლოში, 24 აპრილს, გამთენიისას ჩამოასვენებენ.

ალიკ ცაავა  1981 წლის 20 დეკემბერს, აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ აჩიგვარაში დაიბადა; რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ, საკუთარი სახლიდან დევნილი ქართველი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარში ცხოვრობდა. აფხაზმა სეპარატისტებმა, ეთნიკურ ნიადაგზე გამოასალმეს სიცოცხლეს ალიკ ცაავას მამა, ბაბუა და ბაბუის ძმაც; კაპრალი ცაავა, 2007- 2008 წწ. თავდაცვის ძალებში მსახურობდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი, მოძმე უკრაინელებთან ერთად ებრძოდა რუსულ აგრესიას; ქართველი მებრძოლი, ჩვენს მეორე თანამემამულესთან, აფხაზეთის ომის მონაწილე, ზაზა ბიწაძესთან ერთად, რუბეჟნოეში  დაიღუპა, როცა რუსი ოკუპანტების მიერ ალყაში მოქცეული, დაჭრილი თანამებრძოლების გამოსაყვანად მიდიოდა.

ზაზა ბიწაძე 1971 წლის 20 ოქტომბერს, რუსთავში დაიბადა. 1991-1994 წლებში ირიცხებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის სამმართველოს სპეციალური დანიშნულების რაზმის შემადგენლობაში. ზაზა ბიწაძე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, აფხაზეთში იბრძოდა_მონაწილეობას იღებდა აფხაზი სეპარატისტების, ჩრდილო-კავკასიელი ბოევიკებისა და რუსული საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში გუმისთასა და უჩხოზე. მან  რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა, უკრაინელების მხარდამხარ განაგრძო; ზაზა ბიწაძე, ჩვენს თანამემამულეებთან _ ალიკ ცაავასა და არკადი კასრაძესთან ერთად, უკრაინაში, ქართველი ვეტერანებისაგან შემდგარი საბრძოლო შენაერთის მეომარი გახლდათ. ოჯახის გადაწყვეტულებით, ზაზა ბიწაძეს, რუსთავში, საგვარეულო სასაფლაოზე, ხოლო ალიკ ცაავას, ზუგდიდში დაკრძალავენ.

 მსუბუქი იყოს მათთვის ქართული მიწა!

შეგახსენებთ, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის, რუსი აგრესორების წინააღმდეგ ბრძოლას, უკვე, 9 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა_ დავით რატიანი, გია ბერიაშვილი და დავით გობეჯიშვილი ქალაქ ირპენში დაიღუპნენ, ნიკა შანავა და დავით მენაბდიშვილი იზიუმში, ბახვა ჩიქობავა კი, რომლის ჩამოსვენებაც დღემდე ვერ ხერხდება_ მარიუპოლში.