კობა კობალაძე აჭარაში მოქმედ ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციას შეხვდა

Posted by nona shamatava

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, უწყებაში, აჭარაში მოქმედ ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციის,  ‘’აფხაზეთის ომის ვეტერანთა კავშირის’’ის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრა სტუმრების ინიციატივით შედგა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ, გოჩა ალფენიძემ განაცხადა, ორგანიზაციის წევრები, აფხაზეთიდან დევნილები არიან, თუმცა, წლების განმავლობაში, არ გაუწყვეტიათ კავშირი მშობლიურ კუთხესთან და აფხაზებთან, რაც მათ საშუალებას აძლევს, ჩართულნი იყვნენ საომარი მოქმედებების დროს, აფხაზეთის, მათ შორის, გაგრის ტერიტორიაზე უგზო- უკვლოდ დაკარგულ, როგორც ქართველ, ასევე, აფხაზ მეომართა და სამოქალაქო პირთა სამარხების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და ნეშტების ოჯახებისთვის დაბრუნების პროცესში. როგორც სტუმრებმა აღნიშნეს, დღევანდელი შეხვედრის მიზეზი, მათი არასამთავრობო ორგანიზაციის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ერთად, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სამარხების მოძიების პროცესში კოორდინირებული მუშაობაა, რაც სასარგებლო იქნება არა მხოლოდ ქართული, არამედ იმ აფხაზური ოჯახებისთვისაც, რომლებიც წლებია, საომარი მოქმედებების შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგულ ოჯახის წევრთა სამარხებს ეძებენ.

 ‘’ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე დიდი ხანია, ჩართულია უგზო-უკვლოდ დაკარგული ბიჭების საფლავების მოძიებაში აფხაზეთში. ამ საკითხის გასარკვევად ვიყავით მოსული, რომ ერთობლივად ვიმუშავოთ სამსახურის დირექტორთან, გენერალ კობა კობალაძესთან, შეთანხმებულად რომ მოხდეს ყველაფერი’’,_ აღნიშნა გოჩა ალფენიძემ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საფლავების მოძიებისა და ნეშტების გადმოსვენების საკითხში დიდი ხანია თანამშრომლობს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან. კობა კობალაძის დავალებით, ამ პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის ანალიზი, საკითხების კოორდინაცია, უწყების სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, ვალერი ჯაფარიძეს ევალება, რომელიც, ასევე, ესწრებოდა ამ შეხვედრას:

‘’ მობრძანებული იყვნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. მათ გამოთქვეს სურვილი, ჩართულიყვნენ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და დაღუპულთა მოძიებისა და გადმოსვენების საკითხებში. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ჩართულია ამ პროცესში. ჩვენ ვთანამშრომლობთ წითელ ჯვართან და სხვა ორგანიზაციებთან და მოხარული ვიქნებით, თუ ეს ორგანიზაცია ითანამშრომლებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით’’,_ განაცხადა ვალერი ჯაფარიძემ.