კობა კობალაძე ოზურგეთის მერს და ადგილობრივ ვეტერანებს შეხვდა

Posted by nona shamatava

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე  რეგიონებში გეგმიურ ვიზიტს განაგრძობს. დღეს, იგი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს, კონსტანტინე შარაშენიძეს და ადგილობრივ ვეტერანებს შეხვდა.

შეხვედრაზე კობა კობალაძემ იმ გეგმებზე ისაუბრა, რომლებიც რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, პრიორიტეტული პროგრამების შემუშავებას და მათი ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფას ეხება.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი მზადაა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან თანამშრომლობით, ყველა იმ გამოწვევის დასაძლევად, რომლებიც სამსახურის ბენეფიციართა წინაშე დგას.

ვეტერანების მხრიდან ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის  პროექტებზე, რომლებში ჩართვის, მონაწილეობის და სახელმწიფოს მხრიდან, თანადგომის სურვილი გამოთქვეს. ვეტერანების განცხადებით, მათ შექმნეს კოოპერატივი, რომლის განვითარების ხელშეწყობასაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია შესაძლებლობის ფარგლებში დაჰპირდნენ. კობა კობალაძემ, ვეტერანებს აღუთქვა, რომ სამსახური, მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა კანონიერ ბერკეტს გამოიყენებს და შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით, ვეტერანებს მხარს დაუჭერს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში.

შეხვედრას, ასევე,  ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე და ამავე სამსახურის გურიის სამმართველოს უფროსი, გელა ბაქანიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩია, მერის მოადგილე ირაკლი სირაძე და საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელი, ნანა თავდუმაძე.