კობა კობალაძე პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლის და ვიცე-პოლკოვნიკ პოვილას სტრაზდასს შეხვდა

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 10 თებერვალს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი და თავდაცვის საკითხებში ევროპასთან თანამშრომლობის სამსახურის უფროსი, ვიცე პოლკოვნიკი პოვილას სტრაზდასი ეწვივნენ. შეხვედრაზე სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის როლს ქვეყნის განვითარებისთვის. მან მადლიერება გამოხატა იმ ჰუმანიტარული პროექტების, თავდაცვის სფეროში გაწეული დახმარებების და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობისვის, რასაც ამერიკა, დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ჩვენი ქვეყნისთვის ახორციელებს.

კობა კობალაძემ სტუმრებს გააცნო სამსახურის სტრუქტურა, სტრატეგიული გეგმები და ამოცანები და ის სოციალური და ჯანდაცვის პროექტები, რომლებსაც სამსახური, სახელმწიფოსთან ერთად, ვეტერანთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციისთვის ახორციელებს. საუბარი შეეხო იმ უმთავრეს გამოწვევებს, რომლებიც ამ კუთხით ჯერ კიდევ მწვავედ დგას, როგორც სამსახურის, ასევე, მთელი ქვეყნის წინაშე და რომელთა აღმოსაფხვრელადაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის დახმარება მნიშვნელოვანია. მხარეებმა აღნიშნეს, რომ უნდა გაგრძელდეს და გაღრმავდეს ამერიკის ვეტერანთა დეპარტამენტის, ვეტერანთა სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარების, ერთობლივი სოციალური, ჰუმანიტარული, ჯანდაცვის და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების პროცესი. სტეფანი ბეგლიმ მასპინძლებს დახმარება აღუთქვა. ამ მიზნით, დაიგეგმა შეხვედრა ახლო მომავალში, რომელთა ფარგლებშიც, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ამერიკულ მხარესთან ერთად იმსჯელებს კონკრეტულ პროექტებზე, რომლებიც ქართველი ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება და რომელთა განხორციელებაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის დამხარებითაა შესაძლებელი.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეები, მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, მიხეილ ხურციძე, არქივისა და საქმის წარმოების სამმართველოს უფროსი, დავით ძებისაშვილი, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი, გენერალ-ლეიტენანტი, ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი, ბუბა ლომუაშვილი.