კობა კობალაძე რეგიონებში ვეტერანებთან შეხვედრებს განაგრძობს

Posted by nona shamatava

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, რეგიონებში  გეგმიური ვიზიტის ფარგლებში, ფოთის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც ფოთში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისათვის, სამსახურის ორგანიზებით, სამედიცინო ცენტრ ‘’ვივამედის’’ ექიმებმა, მრავალპროფილური, უფასო სამედიცინო კვლევები ჩაატარეს. უწყების დირექტორი, ფოთის მერთან, გოჩა კურდღელიასთან ერთად, აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო, შემდეგ კი, ფოთის მერიაში, ადგილობრივ ვეტერანებთან შეხვედრა გამართა, რომელსაც ფოთის მერი, გოჩა კურდღელია და ქალაქის ვიცე-მერი, მამუკა პაპასკირიც დაესწრნენ.

კობა კობალაძემ, შეკრებილთ გააცნო სამსახურის გეგმები, რომლებიც რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათი ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფას ეხება. ვეტერანებმა ისაუბრეს ყველა იმ პრობლემურ საკითხზე, რომლებიც არა მხლოდ რეგიონში მცხოვრები ვეტერანების, არამედ სამსახურის ყველა ბენეფიციარის წინაშე, მთელი საქართველოს მასშტაბით დგას_ საყოფაცხოვრებო სუბსიდიის, დაუბეგრავი მინიმუმის, მუნიციპალური პროგრამების გაზრდაზე, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხებზე. კობა კობალაძემ მათ განუცხადა, რომ სამსახური, მთავრობასთან და შესაბამის უწყებებთან ერთად, აქტიურად მუშაობს ყველა იმ გამოწვევის დასაძლევად, რომლებიც, ბენეფიციართა წინაშე ჯერ კიდევ დგას; ფოთის მერმა, ვეტერანებს აღუთქვა, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ერთად, მუნიციპალიტეტი ძალისხმევას არ დაიშურებს ვეტერანთა წინაშე მდგარი პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად, კვლავ გააგრძელებს მათ მხარდაჭერას, სამშობლოს ერთიანობისათვის დაღუპულ მეომართა სახელების უკვდავსაყოფად ღონისძიებებს; მხარეებმა გამოწვევათა ერთობლივად გადაჭრის გზები დასახეს.

‘’მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლიერება გამოვხატო ფოთის ადმინისტრაციის და ხელმძღვანელობის მიმართ. საკმაოდ ბევრი შედეგიანი პაკეტია, რომლებსაც ისინი სთავაზობენ ვეტერანებს და მათ შორის, უახლოეს მომავალში, ფოთის მერის, საკრებულოს მიერ ინიცირებულია, რომ ფოთში მაცხოვრებელი ვეტერანები, უფასოდ ისარგებლებენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მადლიერები ვართ’’, _ განაცხადა კობა კობალაძემ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი განაგრძობს რეგიონებში გეგმიურ შეხვედრებს, რაც რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების წინაშე მდგარი გამოწვევების დეტალურად გაცნობას და  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მათი დაძლევის გზების მოძიებას ემსახურება.