მიმდინარე წლის 17 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციასა და კომპანია ‘’ლიდერ-ბეთს’’ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემომარანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიხედვით, კომპანია ‘’ლიდერ-ბეთი,’’ საქართველოში ამპუტანტ ფეხბურთელთა ყველა გუნდს ფინანსურ თანადგომას გაუწევს. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ უკვე გაუწია დახმარება ფეხბურთელებს და ექვსივე გუნდისთვის ეკიპირება შეიძინა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ კომპანია ‘’ლიდერ-ბეთს’’ მადლობა გადაუხადა და მომავალ თანამშრომლობაში წარმატებები უსურვა: ‘’ ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის ბევრი სამხედრო პირი და ვეტერანია და რა თქმა უნდა, კომპანია ‘’ლიდერ-ბეთის’’ მიერ მათთვის გაწეული თანადგომა ჩვენთვის მისასალმებელია’’_განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ.

‘’თუ დღემდე ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის მეგობართა და მხარდამჭერთა რიგებში იყო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური და ფეხბურთის ფედერაცია, ამ სამეგობროს შეემატა ისეთი მძლავრი კომპანია, როგორიცაა ‘’ლიდერ-ბეთი’’. დღეს ჩვენ გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და ამ მემორანდუმის საფუძველზე, ‘’ლიდერ-ბეთი’’ იღებს ვალდებულებას, საქართველოს ჩემპიონატის და საქართველოს თასის მონაწილე ყველა გუნდს, გაუწიოს მატერიალური და ფინანსური დახმარება, რაც თითოეული გუნდისთვის და საქართველოში ამპუტანტთა ფეხბურთის განვითარებისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ‘’ლიდერ-ბეთს’’.იმედი მაქვს, რომ ეს იქნება წარმატებული ნაბიჯი ამპუტანტთა ფეხბურთის განვითარებაში’’_განაცხადა  საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა, დავით ჩიხლაძემ.

‘’კომპანია ‘’ლიდერ-ბეთი’’ ყოველთვის იყო და არის ქართული სპორტის მხარდამჭერი. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ჩვენ აქამდე ვერ მოვახერხეთ ამპუტანტთა ფეხბურთის ფედერაციის გვერდით დადგომა, აქამდე არ შედგა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ეს ბიჭები დღეს ფეხბურთელები არიან და უნდა გვასახელონ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მათი დამსახურება ქვეყნის მიმართ, სანამ სპორტში მოვიდოდნენ, ყველას კარგად მოგვეხსენება; დასაფასებელია მათი ღვაწლი და მათი შეტანილი წვლილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში_ისინი არიან დღევანდელ დღემდე ვის კისერზეც ვდგევართ. ეს განსაკუთრებით გვიორმაგებს იმ სურვილს, რომ ჩვენ მათ მხარდამხარ ვიბრძოლოთ უკვე სტადიონზე’’_ბრძანა კომპანია’’ ლიდერ-ბეთის’’ აღმასრულებელმა დირექტორმა, ბაჩო სარალიძემ.

‘’მისასალმებელია, რომ თქვენ თქვენი პოტენციალით, იმ რესურსით, რომელიც გაგაჩნიათ, პრიორიტეტი და ფოკუსირება გააკეთეთ ამპუტანტ ფეხბურთელებზე. ეს ბიჭები, თითოეული მათგანი არის მაგალითი შეურიგებლობის, ბრძოლის, შეუპოვრობის და რაც მთავარია, მაგალითი იმის, რომ ადამიანურ შესაძლებლობებს ზღვარი არ გააჩნია. პირველ რიგში, მადლობა მინდა გითხრათ, რადგან თქვენნაირი წამყვანი კომპანია ქველმოქმედებითაა დაკავებული. კარგი ნათქვამია:’სახელმწიფო, რომელიც პატივს არ მიაგებს თავის ვეტერანს და დამსახურებულ პიროვნებებს, მომავალი არ გააჩნიაო.’’ ესაა აქსიომა! და დამიჯერეთ, ადამიანებს შეიძლება, საბრძოლო მოქმედებების დროს გააჩნდეთ ისეთი ნიშან-თვისებები, რომლებიც გამოსადეგია ბრძოლის დროს დასახული საბრძოლო დავალების შესრულებისთვის, მაგრამ შესაძლოა, ეს ადამიანები არანაირად არ იყვნენ მზად მშვიდობიანობის პერიოდში არსებობისთვის. ესაა ფაქტი, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურობაში ვეხებით. ამიტომაც სახელმწიფოსაც აქვს პოზიცია, რომ ამ ვეტერანებს და ამ დამსახურებულ ადამიანებს მიეცეთ იმის შესაძლებლობა, რომ რაც შეიძლება, უმტკივნეულოდ ინტეგრირდნენ საზოგადოებაში; ჰქონდეთ შეგრძნება იმისა, რომ არიან დამსახურებული ხალხი თავიანთი ქვეყნისთვის, და რაც უმთავრესია, მათ აქვთ უნარი და პოტენციალი, შექმნან პრუდუქტი და გასამრჯელო აიღონ და არ იყვნენ ხელგაწვდილნი. დიდი მადლობა თქვენ და დიდი მადლობა იმ ბიჭებს, რომელთაც თავიანთი შრომით, ბრძოლით, შეუპოვრობით და შეურიგებლობით, იმ ტკივილის დათმენით, რომელიც თითოეულ მათგანს აქვს, გვაძლევენ მაგალითს სულიერი სიძლიერისა!’’_განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კობა კობალაძემ.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეები, ნიკოლოზ კვეზერელი, მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია, უწყების დეპარტამენტების ხელმძღვანელები, კომპანია’’ ლიდერ-ბეთის’’ წარმომადგენლები და ამპუტანტი ფეხბურთელები.