მიმდინარე წლის 22 იანვარს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ საერთაშორისო ასოციაციას “საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში, ასოციაცია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელშეწყობით, განახორციელებს მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ვეტერანების სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ საქველმოქმედო ღონისძიებებს _ შშმ ვეტერანებს გადასცემს ინვალიდის ეტლებს, პერიოდულად განახორციელებს მონიტორინგს, ვეტერანების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, გააგზავნის საჭირო აპარატურითა და მედიკამენტებით აღჭურვილ სამედიცინო ბრიგადას.
აღსანიშნავია, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ საერთაშორისო ასოციაციას “საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის” შორის ეს პირველი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი არ არის. უწყება ასოციაციასთან მესამე წელია თანამშრომლობს. ამ ხნის განმავლობაში, უწყებასთან ერთად, ასოციაციამ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა; ხონში, წყალტუბოში, სიღნაღში, ნიქოზში, ვაზიანში მცხოვრებ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, ასოციაციის ძალისხმევით, მრავალპროფილური მედიკოსთა გუნდის მიერ, უფასო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდათ და მათთვის საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ; 100-მდე შშმ ვეტერანი კი _ ეტლ-სავარძლებითა და სხვადასხვა დამხმარე საშუალებებით იქნა უზრუნველყოფილი.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და ა(ა)იპ საერთაშორისო ასოციაცია “საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის” თავმჯდომარემ, მაია კვეზერელმა-კოპაძემ. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
“ჩვენთვის უდიდესი პატივია იმ ღირსეულ ადამიანებთან თანამშრომლობა და მათთვის დახმარების გაწევა, ვინც ჩვენს ქვეყანას უანგაროდ ემსახურა და დღესაც დგას სამშობლოს სადარაჯოზე. სამსახურთან ერთად, არა ერთი საქველმოქმედო ღონისძიება განვახორციელეთ და მომავალში უფრო მეტს ვგეგმავთ’’ _ განაცხადა მაია კვეზერელმა-კოპაძემ.
ვლადიმერ იმნაძე _ “ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციასთან გამიფორმებია მემორანდუმი, ხელშეკრულება, მაგრამ საერთაშორისო ასოციაცია “საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის’’ სწორედ ის ორგანიზაციაა, რომელიც ყველაზე მეტად ეხმარება ვეტერანებს. ამის მაგალითია ის 158 შშმ პირი, რომელიც სარგებლობს ამ ასოციაციის მეშვეობით მიღებული ეტლებით და სხვადასხვა საშუალებებით, თუმცა, მათი დახმარება მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი.”