პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ სპორტული ღონისძიებები თერჯოლაში

Posted by nona shamatava

პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ საზაფხულო ფაზამ თერჯოლაში გადაინაცვლა; 6 დღის განმავლობაში 9 სპორტული ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა, საქართველოს სხვადასხვა რაიონში მცხოვრებმა, საშვიდობო მისიებში, სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურეებმა და ომის ვეტერანებმა მიიღეს.

მათ, საკუთარი ძალები და შესაძლებლობები, პეინტბოლის, საბრძოლო ფარიკაობის, მშვილდოსნობის, მჯდომარე ფრენბურთის, მკლავჭიდის, ბოჩას, ნარდის, დომინოსა და ჯოკერის ტურნირებში მოსინჯეს. სხვადასხვა თაობის ვეტერანები და დაჭრილი ჯარისკაცები, ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ და საუკეთესო შედეგის დასადებად ძალებს არ ზოგავდნენ. შეჯიბრებების მონაწილეებმა გამარჯვებები მოიპოვეს, როგორც გუნდურ, ისე ინდივიდუალურ დისციპლინებში. პროექტის მხარდამჭერების_ აჭარაბეთის, სოკარის, ტოიოტა კავკასიისა და ზედაზენის მიერ დაწესებული სოლიდური ფულადი ფონდი და ფასიანი პრიზები, ჩემპიონატის 31 გამარჯვებულზე გადანაწილდა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პროექტის მონაწილეებმა, სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების უფლება, PCR ტესტით დადასტურებული, უარყოფითი პასუხის შემდეგ მიიღეს. დახურული ტიპის სპორტულ ბანაკში, კოვიდ 19-ის პანდემიასთან დაკავშირებით, სახელმწიფოს მიერ მიღებული ყველა რეგულაცია დაცული იყო.

სპორტული შეკრებები, ახალგაზრდულმა მედიაკავშირმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განახორციელა.

პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას და მისი მიზანია, კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა საქართველოს მასშტაბით და შშმ პირთა, დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა და ომის ვეტერანთა საზოგადოებაში თანაბარ–უფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება.