საქართველოს ვეტერანებმა უკრაინელ მებრძოლებს ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნეს

Posted by nona shamatava

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, უკრაინაში, მებრძოლებისთვის ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და უკრაინის საელჩოს პირველმა მდივანმა, ოლეგ პოგონეცმა ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის ორგანიზებაში პირადად მიიღეს მონაწილეობა.

საქართველოს ვეტერანებისაგან უკრაინელი მებრძოლებისათვის გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი მოიცავდა ქართულ ნობათს, იმ საკვებ პროდუქტებს, რომლებიც მებრძოლებისთვის, საომარი მოქმედებების დროს, ყველაზე ხელსაყრელი და ენერგიის მიმცემია. ქართველმა მეომრებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში, ფრონტის წინა ხაზზე, საკუთარ თავზე არა ერთგზის გამოსცადეს  ქართული ნობათის მნიშვნელობა. ჰუმანიტარული ტვირთი, რამდენიმე ასეული მებრძოლისათვის განკუთვნილ ულუფას მოიცავდა. აღნიშნული ტვირთი, საქართველოს ვეტერანების მიერ უკრაინელი მებრძოლების მხარდასაჭერად გასაგზავნი ჰუმანიტარული დახმარების პირველი ნაწილია.

საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობა აქვს უკრაინის ვეტერანთა საქმეების სამინისტროსთან, რომლის ჩამოყალიბებაში, სამსახურს, არც თუ მოკრძალებული წვლილი მიუძღვის. უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყების პირველივე დღეებიდან, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე პერმანენტულ კავშირზეა უკრაინის ვეტერანთა საქმეების მინისტრთან, გენერალ-მაიორ იულია ლაპუტინასთან და სოლიდარობას უცხადებს მას, უკრაინელ ვეტერანებს და უკრაინელ ხალხს რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური და საქართველოს ვეტერანები, ვინც იარაღით ხელში იცავდა ჩვენი ქვეყნის მთლიანობას, თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ყველაზე უკეთ იცის მშვიდობისა და სიცოცხლის ფასი, გულწრფელ სოლიდარობას გამოვხატავთ სამშობლოს დამცველი უკრაინელების მიმართ!