უკრაინაში დაღუპული ქართველი ვეტერანები დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს

Posted by nona shamatava

დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე,  რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში, უკრაინაში, ლუგანსკის ოლქის ქ. რუბეჟნოესთან, 16 აპრილს დაღუპული ქართველი ვეტერანის, არკადი კასრაძის დაკრძალვას, სოფელ ერგნეთში დაესწრო. ქართველი მებრძოლი, მშობლიურ სოფელში, სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები და ვეტერანები, რუსთავის სიონის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ,სადაც  უკრაინაში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მეომრის, ზაზა ბიწაძის ოჯახს მიუსამძიმრეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

ზაზა ბიწაძეც 16 აპრილს, რუბეჟნოისთან დაიღუპა, ჩვენს თანამემამულე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერან, ალიკ ცაავასთან ერთად, როცა რუსი ოკუპანტების მიერ ალყაში მოქცეული, დაჭრილი თანამებრძოლების გამოსაყვანად მიდიოდა.

ზაზა ბიწაძე დღეს, რუსთავში, საგვარეულო სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს. 30 აპრილს, ზუგდიდში, სამხედრო პატივით დაიკრძალება ალიკ ცაავაც; მას, უკანასკნელ გზაზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს წარმომადგენლები და ადგილობრივი ვეტერანები გააცილებენ.

ზაზა ბიწაძე, ალიკ ცაავა და არკადი კასრაძე, უკრაინაში, ქართველი ვეტერანებისაგან შემდგარი საბრძოლო შენაერთის მეომრები გახლდათ. მსუბუქი იყოს მათთვის ქართული მიწა!

შეგახსენებთ, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის, რუსი აგრესორების წინააღმდეგ ბრძოლას, უკვე, 9 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა_ დავით რატიანი, გია ბერიაშვილი და დავით გობეჯიშვილი ქალაქ ირპენში დაიღუპნენ, ნიკა შანავა და დავით მენაბდიშვილი იზიუმში, ბახვა ჩიქობავა კი, რომლის ჩამოსვენებაც დღემდე ვერ ხერხდება_ მარიუპოლში.