უფასო სამედიცინო აქცია მცხეთელი ვეტერანებისთვის

Posted by nona shamatava

 მიმდინარე წლის 8 მაისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, მცხეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აღდგომიანთკარში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) ჩაატარეს.

კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება, უსასყიდლოდ გაეწია სამსახურის 60 ბენეფიციარს. აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო სამედიცინო აქციით, ისარგებლეს არა მხოლოდ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებმა და მათმა ოჯახის წევრებმა, არამედ ადგილობრივმა მოსახლეობამაც.

აქციის მიმდინარეობას, ადგილზე დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე,ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

“მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი აქცია ხორციელდება, კერძოდ, აღდგომიანთკარში. არიან ვეტერანები, სამოქალაქო პირები და ის ბინადრები, რომლებიც ცხოვრობენ ამ დასახლებაში. მე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო, კიდევ ერთხელ, ამ აქტიურობებისთვის ჩაფიძის კლინიკას, მის პერსონალს, მის ხელმძღვანელობას, _” აღნიშნა კობა კობალაძემ.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად იმართებოდა. მემორანდუმის გაფორმებიდან დღეის ჩათვლით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა 110 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს; უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწია 10 350 ბენეფიციარს.

მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.