ქუთაისსა და ზუგდიდში დევნილ ვეტერანებს ბინები გადაეცათ

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 16 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორთან, ბესარიონ სიმონიშვილთან ერთად, დევნილი ვეტერანებისათვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის ღონისძიებას დაესწრო.

დევნილი ვეტერანების განსახლების სპეციალური პროექტის ფარგლებში, 41 დევნილი ვეტერანის ოჯახს ქუთაისში, ხოლო 22-ს _ ზუგდიდში ბინები დღეს გადაეცათ.

„პირველ რიგში, მინდა მადლიერება გამოვხატო თითოეული იმ ადამიანის მიმართ, იმ ოჯახის მიმართ, ვინც ყველაზე ძვირფასი გაიღო თავისი სამშობლოს დაცვისთვის. უმთავრესი ის არის, რომ სახელმწიფოს აქვს სტრატეგია, იმის რომ ის დროებითი საცხოვრებელი პირობები, სადაც არიან ჩვენი იძულებით გადაადგილებული პირები, იყოს ღირსეული. ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ეს ქვეყანა გაერთიანდება, იქნება ერთიანი და ძლიერი. მინდა, მადლობა გამოვხატო ხელისუფლების მიმართ, ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს მიმართ იმისთვის, რომ დღეს უკვე არის საუბარი, კონკრეტული კვოტა გამოყოფილიყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ადამიანებისათვის, მათი ოჯახის წევრებისათვის. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება წარმატებით.”- განაცხადა კობა კობალაძემ.​

ვეტერანი დევნილების განსახლების სპეციალური პროექტი წელს პირველად განხორციელდა. ვეტერან დევნილებს, აქამდეც ჰქონდათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ განსახლების ნებისმიერ პროგრამაში, თუმცა, ქვეყნის წინაშე მათი დამსახურების გათვალისწინებით, ახლა, მათთვის სპეციალური კვოტები გამოიყო, მათ შორის, 60 ბინა ქუთაისში და 60 ზუგდიდში. არსებული მოთხოვნის გათვალისწინებითა და ვეტერანი დევნილებისთვის სათანადო საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად, კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება 120-ის ნაცვლად, 160 ოჯახზე მიიღო, საიდანაც 60 -ზე მეტ ოჯახს ქუთაისსა და ზუგდიდში ახალაშენებულ კორპუსებში ბინები დღეს გადაეცათ. ასევე, დევნილ ვეტერანთა 100-მდე ოჯახმა , მიიღო ადმინისტრაციულ დაპირება, რაც გულისხმობს, იმას რომ მათთვის ბინების მშენებლობა მიმდინარეობს და წლის ბოლომდე, ყოველგვარი დამატებითი მონიტორინგისა და განხილვის გარეშე საცხოვრებელი ფართები უპირობოდ გადაეცემათ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში, ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი, იოსებ ხახალეიშვილი.