შეხვედრა სამხედრო მედიცინის წარმომადგენლებთან

Posted by nona shamatava

11 აგვისტოს, საქართველოში, სამხედრო მედიცინის დღეს აღნიშნავენ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, სამხედრო მედიცინის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ბრძოლების მონაწილე მედიკოსებს და ომში დაღუპული ექიმების ოჯახის წევრებს უმასპინძლეს.

შეხვედრაზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ სამხედრო მედიცინის წარმომადგენლების დამსახურებაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა მათ ღვაწლს სამშობლოს და თითოეული გადარჩენილი ჯარისკაცის წინაშე. კობა კობალაძემ, სტუმრებს, მადლობა გადაუხადა ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის. შეკრებილებმა, კიდევ ერთხელ, სიყვარულით და პატივისცემით გაიხსენეს ბრძოლის ველზე გმირულად დაღუპული მედიკოსები:  ‘’საკმაოდ მძიმეა და ტრაგიკულია, როდესაც სამხედრო ექიმების თვალით ვუყურებთ საომარი მოქმედებების პროცესს. ბევრი გმირი სამხედრო ექიმი გვყავს, მათ შორის, გიორგი აბრამიშვილი_ის ჩვენი მეგობარი იყო, ჩვენთან ერთად მსახურობდა…’’განაცხადა კობა კობალაძემ.

შეხვედრის ფარგლებში, გარდაცვლილი ექიმების ოჯახის წევრებს, სამახსოვრო მედლები, ხოლო, სამხედრო მედიცინის მუშაკებს_ექიმებს, მედდებს, სანიტრებს, სამადლობელი სიგელები გადაეცათ.

1992 წლის 11 აგვისტოს, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ახალციხის გარნიზონის სამხედრო ჰოსპიტალი, რუსეთის შეიარაღებული ძალებიდან, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს გადმოეცა და ეს დღე, საქართველოში, სამხედრო მედიცინის დღედ იქცა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას,  აფხაზეთში, მედიცინის 20-ზე მეტი მუშაკი დაიღუპა (გიორგი მიროტაძე, თამაზ შეროზია, ვასიკო კილაძე, ნიკოლოზ ღიბრაძე, ილია მელაძე, რევაზ მუმლაძე, პაატა ყუფარაძე,  ალექსი ბარამია, გიორგი ბარკალაია, ზელიმხან დანელია, ირაკლი დვალიძე, თამაზ თათოშვილი, ზაზა კიკნაძე, ლევან მაჭავარიანი, მედეა სიჭინავა, თემურ სოზიშვილი,  ანატოლი სტარიკოვი, ვერა ყოლბაია, დავით ცხვედიანი, ზაურ ხუბუტია, გიორგი ჯაფარიძე, შოთა ჯღამაძე), 2008 წლის ომს კი, ექიმები _ გიორგი აბრამიშვილი, ზურაბ ბეგიაშვილი და ლერი ლაგურაშვილი შეეწირნენ.

დიდება გმირებს!