შეხვედრა სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 12 იანვარს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და სამსახურის წარმომადგენლებმა, ზუმ ფორმატში, შეხვედრა გამართეს სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს უფროსთან, ილია თამარაშვილთან და სააგენტოს სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან. საუბრის მიზანს, სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული და აგრარული სექტორის განვითარებით დაინტერესებული ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების ინტელექტუალური და ფინანსური მხარდაჭერა წარმოადგენდა.

მხარეებმა ისაუბრეს ვეტერანთა პროფესიული პოტენციალის ასამაღლებლად, სპეციალური, მიზნობრივი, საგანმანათლებლო პროგრამებისა და შეღავათიანი საგრანტო პროექტების შემუშავებაზე; განსაკუთრებით გაესვა ხაზი საქართველოს მთიან და სასაზღვრო რეგიონებში აგრარული პროექტების განხორციელების პერსპექტივებს.

ილია თამარაშვილმა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გაწეული ღვაწლისთვის ვეტერანების მიმართ მადლიერება და პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოხატეს და კობა კობალაძეს, სრული მხარდაჭერა აღუთქვეს. მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო მოქმედებათა გეგმებზე_ უახლოეს მომავალში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და სააგენტოს წარმომადგენელთა მონაწილეობით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით შეისწავლის აგრარული პროექტების განხორციელების შესაძლებლობებს და პროგრამების განსახორციელებლად, გადადგამს ქმედით ნაბიჯებს. სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო, პირველ ეტაპზე ვეტერანებისთვის გამოყოფს ტრენერთა ჯგუფს, რომელიც, მათთვის, ადგილებზე განახორციელებს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს დარგების მიხედვით, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

დაიგეგმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაც.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრას წინ უძღოდა გასული წლის 9 დეკემბერს, კობა კობალაძესა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს შორის შეხვედრა, რომელზედაც მხარეებმა იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომლებიც სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების წინაშე დგას და რომელთა გადალახვაც სამინისტროსა და სამსახურის ერთიანი ძალისხმევითაა შესაძლებელი.