შეხვედრა ქობულეთის მუნიციპალიტეტში

Posted by nona shamatava

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერს, ლევან ზოიძეს და მერის მოადგილეს, დავით ვერულიძეს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე, კობა კობალაძემ, ქობულეთის მერს მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ისაუბრა არსებულ და სამომავლოდ ბიუჯეტში გასათვალისწინებელ პროგრამებზე, რომლებიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბენეფიციართა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეეხება.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, აჭარის ა.რ სამმართველოს უფროსი, შოთა ყიფიანი, სამსახურის წარმომადგენელი ქობულეთში, თამაზ ხახუტაიშვილი და ადგილობრივი ვეტერანები.

ვეტერანებმა, ძირითადად, ყურადღება გაამახვილეს მიწის დაკანონების, საშეშე მერქნითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხებზე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ზოიძემ, სამსახურის დირექტორს, კობა კობალაძეს, თანამშრომლობის პირობა აღუთქვა. ასევე, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების წინაშე არსებული გამოწვევების დროულად დაძლევისა და სამომავლოდ განსახორციელებელი პროგრამების შესახებ ისაუბრა.