შეხვედრა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერთან და ადგილობრივ ვეტერანებთან

Posted by nona shamatava

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ხახალეიშვილი  ადგილობრივ ვეტერანებს შეხვდნენ.

იმერეთის რეგიონში გეგმიურ ვიზიტის ფარგლებში კობა კობალაძემ შეხვედრები უკვე გამართა საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონის, წყალტუბოს, ხონის, სამტრედიის ვანის, ტყიბულის და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ვეტერანებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. დღეს კი ანალოგიური შეხვედრა ქუთაისში გაიმართა.

შეხვედრებზე კობა კობალაძემ ვეტერანებს ის პროექტები გააცნო, რომლებიც რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, პრიორიტეტული პროგრამების შემუშავებას და მათი ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფას ეხება. ვეტერანებმა, მათთვის ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე მიიღეს პასუხი. მათ ასევე, ეცნობათ, რომ პრობლემურ საკითხებს, დირექტორის გადაწყვეტილებით შექმნილი, სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეისწავლის და მათი გადაჭრის გეგმას შეიმუშავებს.

შეხვედრაზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, კობა კობალაძემ და ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა  ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმი მიზნად ისახავს, სამსახურის ბენეფიციართა სოციალურ- ეკონომიკურ და ჯანდაცვის სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად ქუთაისის მერიის მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას და უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმას.