29 წელი ბაბუშერას ტრაგედიიდან

Posted by nona shamatava

 დღეს, ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპულებს იხსენებენ. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეები, მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, უწყების წარმომადგენლებთან ერთად, დიღმის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, სადაც 29 წლის წინ, ბაბუშერას აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიის მსხვერპლთა მემორიალი, მათი საფლავები გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.

 1993 წლის 22 სექტემბერს, თვითმფრინავს, რომელიც თბილისიდან სოხუმში მიფრინავდა და რომლის ბორტზეც სამხედრო პოლიციის თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, გვარდიის მებრძოლები, სამხედრო შენაერთ”მხედრიონის” წევრები, მოხალისეები, ექთნები და სამოქალაქო პირები იმყოფებოდნენ, რუსული სამხედრო ხომალდებიდან ცეცხლი გაუხსნეს. მფრინავმა შეძლო, ცეცხლში გახვეული თვითმფრინავი სოხუმის (ბაბუშერას) აეროპორტში დაესვა, მაგრამ, სამწუხაროდ, ავიალაინერში მყოფთაგან, მხოლოდ 24 მგზავრი გადარჩა, 108 კი _ დაიღუპა. ცხედრები აეროპორტთან ახლოს, საერთო სასაფლაოზე დაკრძალეს.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დასრულებიდან გარკვეული დროის შემდეგ, ბაბუშერას სამარხიდან, ნეშტების ამოცნობა და გადმოსვენება მოხერხდა _ 2010 წელს, წითელი ჯვრის ეგიდით, შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც 1992-1993 წლებში, აფხაზეთის ომში, უგზო -უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს შეისწავლის. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შედეგად, გადაწყდა, ბაბუშერას ძმათა სასაფლაოს გახსნა, ცხედრების იდენტიფიცირება და გადმოსვენება.

 გადმოსვენების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობდა. ტრაგედიის მსხვერპლთა ნეშტების უმრავლესობა, დიღმის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული, ნაწილი, კი დაღუპულთა ოჯახების გადაწყვეტილებით_საგვარეულო სასაფლაოებზე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა იდენტიფიცირებისა და მათი გადმოსვენებისათვის, სახელმწიფოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივი მუშაობა კვლავ გრძელდება.