30 ივლისი, ქვეყანაში, გლოვის დღედ გამოცხადდა

Posted by nona shamatava

ჩვენს ქვეყანაში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა _ მიმდინარე წლის 29 ივლისს, გუდაურში, კატასტროფა განიცადა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, რომელიც პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილთა დასახმარებლად ადგილზე მიფრინავდა. კატასტროფის შედეგად,  ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 4 წევრი, მფრინავები_ ზაზა ლორია, ლევან ჩოხელი, დიმა ქააძე, ანდრო ქუჯოშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი _ კახა ტორჩინავა და გიორგი მარგიანი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი_ ქეთი გულაგაშვილი და გიორგი ვენეცკი  დაიღუპნენ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის მთელი კოლექტივი და  საქართველოს ვეტერანები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ სამსახურებრივი მოვალეობის აღსრულებისას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა გამო და სამძიმარს უცხადებენ მათ ოჯახებს, ნათესავებს, კოლეგებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას, სრულიად საქართველოს.

მომხდარი ტრაგედიის გამო, 30 ივლისი, ქვეყანაში, გლოვის დღედ გამოცხადდა. საქართველოში, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.