30 წელი გუმისთის ბრძოლებიდან

Posted by nona shamatava

დღეს, გუმისთის ბრძოლების 30 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, დირექტორის მოადგილემ, ჯანდრი უბირიამ, დირექტორის მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ,  სამსახურის თანამშრომლებთან და ვეტერანებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლის ველზე დაცემულ მეომართა ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. 

„პირველ რიგში მინდა, მივუსამძიმრო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთივს დაღუპულ ყველა მეომრის ოჯახს,  ყველა დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ახლობლებს, მშობლებს და მთლიანად საქართველოს.

16 მარტმა თითოეულს გვანახა ის, რომ ჩვენ ძალგვიძს არა მარტო ბრძოლა, არამედ შედეგიანი ბრძოლა, ჩვენზე გაცილებით უფრო აღმატებულ მოწინააღმდეგესთან. ის ბრძოლისუნარიანობა, რაც ჩვენ გაგვაჩნია, საწინდარია იმის, რომ ეს ქვეყანა იქნება თავისუფალი და ერთიანი. ჩვენ მოგვიწევს ისევ ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან ერთად თანაცხოვრება, ერთიანი ძლიერი სახელმწიფოს შენება. ის მესამე ძალა, რომელიც იყო მაპროვოცირებელი ძმათა შორის სისხლისმღვრელი ომის, ჩემის აზრით გადაიწევს უკანა პლანზე. “- განაცხადა კობა კობალაძემ.

1993 წლის 15-16 მარტს, აფხაზეთში, სეპარატისტებმა, დაქირავებულმა ჩრდილო-კავკასიელმა ბოევიკებმა და რუსულმა სადესანტო შენაერთებმა, მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8 კმ-იან ფრონტის ხაზზე, ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და არტილერიამ სოხუმისკენ წამოსულ მოწინააღმდეგეს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს და იძულებული გახადეს, უკან დაეხია. უთანასწორო ბრძოლაში, ქართველმა მეომრებმა, საკუთარი თავდადების ფასად, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე გადაარჩინეს; ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ქართული საბრძოლო შენაერთების გამარჯვებაში, ქართველმა არტილერისტებმა შეიტანეს. ქართველთა ამ ერთიანი ძალისხმევის, თავგანწირული ბრძოლის შედეგად, მტერმა მაშინ, სოხუმი ვერ აიღო.