მიმდინარე წლის 30 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე, ვლადიმერ იმნაძემ სამსახურის წინაშე მდაგრი გამოწვევების შესახებ ისაუბრა, რომელთა გადაწყვეტაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს როლი უმნიშვნელოვანესია. მისი თქმით, ვეტერანებისათვის ბევრი დადებითი პროექტი ხორციელდება, მაგრამ არსებობს გამოწვევები, რომლებზეც ერთობლივი მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

საუბარი შეეხო თბილისში კედიას ქუჩაზე მდებარე ვ.სანიკიძის სახელობის ვეტერანთა დღის სტაციონარისათვის აუცილებელ სამედიცინო აღჭურვილობას, რომლის გარეშეც კლინიკა ფუნქციონირებას ვერ იწყებს. მინისტრმა სურვილი გამოთქვა, მოინახულოს აღნიშნული დღის სტაციონარი და ადგილზე გაეცნოს ვითარებას.

მხარეებმა ისაუბრეს ლუბლიანას ქუჩაზე ვეტერანთა მრავალპროფილური ჰოსპიტალის მშენებლობის შესაძლებლობის საკითხებზე. შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო ვეტერანთა ჯანმთელობის დაზღვევის პაკეტში იმ ცვლილებების შეტანას, რომლებიც უწყების ბენეფიციართათვის სისტემას უფრო მოქნილს გახდის და  დევნილი ვეტერანებისათვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას. ყველა აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში ეკატერინე ტიკარაძემ დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. მინისტრის თქმით, ვეტერანთა საკითხები, მათი უფლებების დაცვა, სოციალური უზრუნველყოფა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

მხარეები შეთანხმდნენ, აღნიშნული პრობლემების  ეფექტური და დროული გადაწყვეტისთვის, შეიქმნას ორმხრივი სამუშაო ჯგუფი, რომლის პირველი სხდომის გამართვაც მომავალ კვირას იგეგმება.

შეხვედრას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, ვ.სანიკიძის სახელობის ვეტერანთა ჰოსპიტლის დირექტორი, ლევან ჯუღელი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა და ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი, ბესარიონ სიმონიშვილი.