17 ოქტომბერს, საქართველოში ვეტერანის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში საზეიმო მიღება გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და ვეტერანის დღე მიულოცეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გითხრათ ყველას მობრძანებისთვის. ბევრი კეთდება ამ სამსახურის მიერ… არსებობს პრობლემები, რომლის შესახებაც იცის პრემიერ-მინისტრმა, მთავრობამ, პარლამენტმა და ისინი აგრძელებენ მუშაობას. ჩვენ ამისთვის ვმუშაობთ. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ ვეტერანებს შევუმსუბუქოთ ის დუხჭირი ცხოვრება, რომელიც დღეს აქვთ.“- განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ.

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ომი აღარასოდეს იყოს, რომ ჩვენ შრომით შევძლოთ ქვეყნის წინსვლა, გაერთიანება და გამთლიანება. ჩემთვის დიდი პატივია, ვხედავდე აქ, ამ ქვეყნის ისტორიისთვის მართლაც სასიქადულო და საამაყო სახეებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ამ ქვეყნის ისტორიას ქმნიდნენ. მეხუთე წელია, რაც ჩვენ ამ დღეს აღვნიშნავთ. რა თქმა უნდა, ბევრია კიდევ გასაკეთებელი, მაგრამ სანამ კონკრეტულ პრობლემებზე, საქმეზე ვისაუბრებდეთ, მწუხარება უნდა გამოვთქვათ იმ გმირების მიმართ, რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად არ არიან. აბსოლუტურად სრული გულწრფელობით გეუბნებით, რომ თითოეულ ჩვენგანს გათვითცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ქმნიდნენ ამ ქვეყნის ისტორიას და რომელთა ხსოვნაზეც ჩვენმა მომავალმა თაობებმა უნდა განაგრძონ ქვეყნის შენება. არაფერი გამოგვივა, თუ დავივიწყებთ, საიდან ვართ, რა ტრადიციებიდან მოვდივართ და რა არის ჩვენი კულტურული იდენტობა. დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ კეთდება, ყველას კარგად გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის. ჩვენ სამწუხაროდ, საკმაოდ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ვართ და სიმართლე უნდა ვუთხრათ ერთმანეთს – ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ეს მიზანი არ უნდა დავისახოთ და მე გპირდებით, რომ ჩვენ ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ’’_ მიმართა დამსწრეთ გიორგი გახარიამ.

„ ჩემთვის დიდი პატივია, დღეს თქვენთან ერთად ყოფნა. მსურს, მოგილოცოთ ვეტერანის დღე. 17 ოქტომბერი განსაკუთრებული თარიღია, რადგან ამ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ იმ ათასობით ადამიანის ღვაწლს და გმირობას, რომელსაც საქართველოს ვეტერანები ჰქვიათ. თქვენ ხართ საქართველოს ცოცხალი მემატიანეები. თქვენ ჩაუყარეთ საფუძველი საქართველოს თავდაცვის ძალებს და სწორედ თქვენს მხრებზე გადაიარა ჩვენი უახლესი ისტორიის ურთულესმა პერიოდმა.

დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე, 90-იანი წლების ქარ-ცეცხლში, თითოეულმა თქვენგანმა პირნათლად დაამტკიცა, რომ რიცხობრივად აღმატებულ მტერთან ქართული მებრძოლი სული არასოდეს შედრკება. შემდგომ წლებშიც, როგორც საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისას, ისე მოკავშირეთა მხარდამხარ, გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების დროს, თქვენ გახდით შეუპოვრობისა და თავდადების მაგალითი.ასეთი გაუტეხლობის სიმბოლოა გენერალი გია ყარყარაშვილი, რომელმაც არაერთი უმძიმესი ბრძოლა გამოიარა. მასთან ერთად, მე მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს. თავდაცვის ძალების რიგებში არაერთი ღვაწლმოსილი ვეტერანი მსახურობს და ყოველდღიურად, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მის აღმშენებლობაში. ჩვენი მოწინავე პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ძლიერებაც, მნიშვნელოვან წილად, სწორედ ვეტერანების გამოცდილებით საზრდოობს. ქვეყნის ერთიანობისთვის ქართველი ხალხის ბრძოლას არაერთი გმირის სიცოცხლე შეეწირა – ეს იყო ზურაბ იარაჯული, ზაზა დამენია, გიორგი ანწუხელიძე თუ შინდისის გმირები, ჩვენ ყოველთვის სათანადო პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას.”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვლმა.

სტუმრებს შორის იმყოფებოდნენ: თბილისის მერი, კახა კალაძე, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ- ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი, შალვა ჯაბახიძე,  საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კობა კობალაძე, გენერალ-მაიორი გიორგი ყარყარაშვილი,  საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე, მოადგილე, პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი, შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის უფროსი მრჩეველი, გოგი ფაცაცია, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, დავით საგანელიძე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, საქართველოში უკრაინის საელჩოს, ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების, უწყების პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მრჩეველთა საბჭოს წევრები, მსოფლიოს სამგზის  ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, გენო პეტრიაშვილი,  ვეტერანები და ის უკრაინელი სამხედრო მფრინავები, რომელთაც 1993 წელს, სოხუმის დაცემის შემდეგ აფხაზეთიდან დევნილი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ვეტერანი მხატვრების, ირაკლი ავალიშვილის, ავთანდილ (ნოდარ) რეხვიაშვილის, ხათუნა ჭანტურიას, გოგი თამლიანის, ნიკოლოზ ავალიშვილის, მარინა ივანიშვილის, ქეთი მიქელაძის და აწ გარდაცვლილი, მარინა ახვლედიანის ნამუშევრების გამოფენა.

ღონისძიება კამერული მუსიკით გააფორმა კვარტეტმა ‘’მოდერატო’’.

საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით 17 ოქტომბერს სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართა.