მიმდინარე წლის 19-20 მაისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, ძიუდოს კლუბში ‘’განთიადი’’, ჩატარდა ილია ბაბუციძის სახელობის ტურნირი 2004-2008 წლებში დაბადებულ ვაჟთა შორის.
ილია ბაბუციძე წარმოშობით აჩაბეთიდან იყო. 1982 წლის 25 მარტს ცხინვალში დაიბადა. ცხრა კლასის დასრულების შემდეგ სწავლა კადეტთა კორპუსში განაგრძო, შემდეგ უკრაინაში, ქ. ხმელნიცკის სახელობის სასაზღვრო აკადემია წარმატებით დაასრულა და სხვადასხვა დროს, საქართველოს საზღვრებს იცავდა მთა-თუშეთსა და ლაგოდეხში. 2008 წლის მაისიდან კი, IV ბრიგადაში, 41-ე ბატალიონის კავშირგაბმულობის ( J6-ის) უფროსი იყო. 2008 წლის 9 აგვისტოს, საომარი მოქმედებების დროს, ცხინვალში დაიღუპა. ილია,თავისი სამსახურეობრივი მოვალეობიდან გამომდინარე, ზურგში უნდა დარჩენილიყო, თუმცა, როდესაც ცხინვალის მშენებარე ინსტიტუტში, მტრის ალყაში მოხვედრილი ქართული ასეულის შესახებ შეიტყო, რომლებიც შველას ითხოვდნენ, მიატოვა პოსტი და ათ კაციანი ჯგუფით, მათ დასახმარებლად გაეშურა. თანამებრძოლები გადაარჩინა, თუმცა, თვითონ სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა.
უფროსი ლეიტენანტი, ილია ბაბუციძე დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და ასევე, ორდენით ‘’მხედრული მამაცობისათვის’’.
2008 წელს, მარილისის ქუჩას, ილია ბაბუციძის სახელი ეწოდა. ძიუდოს კლუბი ’’განთიადი’’ ამ ქუჩაზეა.
‘’თითქოს სიმბოლურია, რომ ცხინვალში დაბადებული ჩემი შვილი ცხინვალში დაიღუპა. სამშობლო ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარდა, ამიტომაც აირჩია ჯარისკაცის გზა. შვილმკვდარი დედის ტკივილს ვერაფერი გააყუჩებს, თუმცა, როცა ამ ქუჩაზე დავდივარ და ჩემი შვილის სახელს და გვარს ვკითხულობ, ეს სიცოცხლის ძალას მაძლევს. მიხარია, ეს ტურნირი რომ დაარსდა_ილია ბავშვობიდან სპორტით იყო დაკავებული, ბერძნულ-რომაულ სახეობაში ჭიდაობდა და სულ ამბობდა, რომ სპორტმა მის სულიერ და ფიზიკურ ჩამოყალიბებაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. როდესაც ახლა, ამ დარბაზში მოზარდებს ვუყურებ, მათ ყიჟინას ვისმენ, ჩემი შვილის სიკვდილით გამოწვეული სიცარიელე, თითქოს, რაღაცნაირად ივსება. ვგრძნობ, რომ ისიც აქაა და ამ ბავშვებს ღიმილით და სიყვარულით შეჰყურებს. ძალიან რთულია, ჩვენი_მშობლების მდგომარეობა, მაგრამ მე და ჩემი მეუღლე ვამაყობთ, რომ ძლიერი, გმირი შვილი გავზარდეთ. ძნელია, გვტკივა, მაგრამ მივყვებით ამ ცხოვრების დინებას და გულს იმით ვინუგეშებთ, რომ ილიას სახელი უკვდავია, მომავალი თაობისთვის მისაბაძი მაგალითია. ამ შეჯიბრს ყოველთვის განსაკუთრებული ემოციით ვხვდებით და გვიხარია, რომ ბავშვებს, მომავალ თაობას, ქვეყანას ემახსოვრება ჩვენი ილია. მადლობას გადავუხდით ყველას, ვინც ამ ტურნირის ჩატარებაში მიიღო მონაწილება.’’_განაცხადა ილია ბაბუციძის დედამ, ქალბატონმა ასმათ ბაბუციძემ
‘’ დღეს ჩვენი მოზარდებისთვის, ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სპორტულ ცხოვრებაში ჩაბმა. ჩვენი მოვალეობაა, მათ ვუამბოთ იმ გმირი ბიჭების შესახებ, ვინც სამშობლოსათვის თავი გაწირეს. ამ ყველაფერს უდიდესი მნიშვნელობა აქვს მათი, როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი სრულყოფისთვის. ძიუდოს კლუბი ‘’განთიადი’’ილია ბაბუციძის ქუჩაზე მდებარეობს. აქედან წამოვიდა ამ ტურნირის დაარსების იდეაც. ილია ახალგაზრდა გმირი, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენოსანია და ყველა მოზარდი ვალდებულია, გაიზარდოს ასეთი გმირების მაგალითზე. ეს ქვეყანა გმირებითაა სავსე და მათი სახელების უკვდავსაყოფად, ვალდებულნი ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ_ეს მათი სახელობის ტურნირის ჩატარება იქნება, თუ სხვა ღონისძიება. მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ამ ტურნირის ჩატარებაში დაგვეხმარა. ასეთ ღონისძიებებში ყველას ჩართულობა აუცილებელია, რადგან მხოლოდ საკუთარი ძალებით ამას ვერ შევძლებთ’’_განაცხადა ტურნირის ორგანიზატორმა, პაატა ანდრიაძემ.
ტურნირში გამარჯვებულებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული დიპლომები, მედლები და თასები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ, მირონ ჩიგოგიძემ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, შორენა სიხარულიძემ, რეგიონალური მართვის დეპარტამენტის უფროსმა, მალხაზ თოფურიამ და ილია ბაბუციძის მშობლებმა_ასმათ და გივი ბაბუციძეებმა გადასცეს.