მიმდინარე წლის 14 აგვისტოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში უწყებათაშორისი, გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი, შალვა ჯაბახიძე, პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი, ეროვნული გვარდიის სარდლის მოადგილე, პოლკოვნიკი გიორგი მელითაური, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ომის ვეტერანები დაესწრნენ.
შეხვედრის მიზანს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამის გაცნობა წარმოადგენდა. ეროვნული გვარდიის სარდლის მოადგილემ, პოლკოვნიკმა გიორგი მელითაურმა პრეზენტაცია წარმოადგინა, სადაც განხილულ იქნა აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამის განხორციელების პირობები, ეტაპები და მთავარი გამოწვევები, რომელიც პროექტის განხორციელებისას გამოიკვეთა. განსაკუთრებით ხაზგასმით აღინიშნა ამ პროექტში ვეტერანების ჩართულობის მნიშვნელობა.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამა უმნიშვნელოვანესი, წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის თავდაცვის სფეროში, რადგან ამ პროექტით მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, ფიზიკური და ინტელექტუალური პოტენციალი მოახმარონ ქვეყანას და თავიანთი წვლილი შეიტანონ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საქმეში.
‘’რეზერვის არსებობა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საბრძოლო მოქმედებების, არამედ მშვიდობიანობის დროსაც კრიზისულ და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების თვალსაზრისითაც. სამწუხაროდ, სტიქიური უბედურებები არც თუ ისე იშვიათად ხდება და ამ და სხვა მნიშვნელოვან სიტუაციებში ვეტერანების ინტელექტუალური პოტენციალისა და გამოცდილების გამოყენება ქვეყანას მხოლოდ სასიკეთოდ წაადგება.’’_განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ.
საპილოტე პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრებ 18-დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტებსაც, რომლებსაც სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ, სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. ჩარიცხვის შემთხვევაში, რეზერვისტს სამუშაო ადგილი შეუნარჩუნდება და სამსახურის პერიოდი შრომის საერთო სტაჟში ჩაეთვლება. რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ და მათი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20% -ს შეადგენს. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში კი რეზერვისტები შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას მიიღებენ. საერთო ჯამში, რიგითი რეზერვისტის საშუალო ანაზღაურება, წლიურად ხელზე ასაღები 2760 ლარია. საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეზეა გათვლილი, რომელიც 12 თვეზე ნაწილდება. საბუთები მიიღება 1 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს, დილის 10-დან საღამოს 4 საათამდე – ქ. ბათუმი, ადლიის ქუჩა N76, ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადაში; ქ. თელავი – თამარ მეფის ქუჩა N36, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადაში; სპეციალისტთა რეზერვისათვის, თავდაცვის სამინისტრო, კვინიტაძის 20. განცხადების ჩაბარებისას მოქალაქემ თან უნდა იქონიოს: 1. პირადობის მოწმობა; 2. ფოტოსურათი 3X4 – 1 ცალი; 3. ჯანმრთელობის ცნობა; 4. სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი; საკონტაქტო ინფორმაცია: (+995 032) 2 75 26 44; მობ: 595 06 03 44; (+995 032) 291 04 21;