ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ, დირექტორის პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ კვეზერელმა და დირექტორის მოადგილემ ჯანდრი უბირიამ უწყების თანამშრომლებთან ერთად სოფელ შინდისში, რუსული აგრესიის დროს დაღუპულ ქართველ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს. როგორც სახელმწიფო უწყების დირექტორის მოადგილემ, ჯანდრი უბირიამ აღნიშნა, ყველა ჩვენგანი ვალშია იმ მებრძოლთა წინაშე, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე გაწირეს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და მთლიანობის დასაცავად. როცა 17 შინდისელი გმირიდან ერთ-ერთი – მიხეილ დვალიშვილი სახლში მიასვენეს, მისმა მშობლებმა, შვილის სხვა პირად ნივთებთან ერთად, მის ჯიბეში ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერილი პატარა ლექსი იპოვეს: „ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩრები, გულისკაცები და ვაჟკაცები.. ერთი ყუმბარა გვერდით თან გვიდევს, სიკვდილის შიში ვერ აგვატირებს. ბევრი ვიყავით, ერთი სამარე თხილის გულივით გავინაწილეთ”. 2008 წლის 11 აგვისტოს სენაკის მე-2 ბრიგადის მებრძოლებმა უთანასწორო ბრძოლა გაუმართეს რუსეთის 58-ე არმიის მოტომსროლელთა ასეულს. შეტაკებამდე 2 საათით ადრე რუსული ტანკები სოფელში ქართული დროშებით გამოჩნდნენ და რკინიგზის სადგურთან ჩასაფრდნენ. სავარაუდოდ, იცოდნენ, რომ იმ გზაზე ქართველებს უნდა გაევლოთ – სენაკის ბატალიონის მიახლოებისთანავე აუფეთქებიათ პირველი და ბოლო მანქანები და ამით გასასვლელები ჩაუკეტავთ. 20-მა მებრძოლმა ასეულს წინააღმდეგობა გაუწია.მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნა თითქმის ყველა სახის იარაღი, ტანკების 125მმ-იანებით დაწყებული ნაღმტყორცნებით, სხვადასხვა ქვემეხებით, ტყვიამფრქვევებით დამთავრებული. 2008 წლის 11 აგვისტოს მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეული მტრის მრავალრიცხოვან და მძიმე ტექნიკით შეიარაღებულ დაჯგუფებასთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. შეტაკებაში ჩვიდმეტივე ჯარისკაცი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. 3 დაჭრილი მოგვიანებით ბრძოლის ველიდან გაიყვანეს. გმირების სახელი და გვარები: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე. ამ სახელებს დავიწყება არ უწერია!
- ცხელი ხაზი: 2 48 16 26
- info@veterans.gov.ge