ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის მცდელობის შესახებ, თადარიგის გენერლებმა ბრიფინგი გამართეს.
„ ბოლო დღეების განმავლობაში, დავდექით სამხედრო მოსამსახურეებისთვის შეურაცხმყოფელი რეალობის წინაშე. რიგი პოლიტიკური ძალების მხრიდან, მიზანმიმართულად მიმდინარეობს საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლიტიზებისა და მიმდინარე პროცესებში ჩართვის მცდელობა. ჩვენ, ქართველი სამხედროები, ვეტერანები, ოფიცრები, ჩვენი ქვეყნის რიგითი ჯარისკაცები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ბრძოლებში აფხაზეთში, სამაჩაბლოში, 2008 წლის აგვისტოს ომში, ქვეყანას საკუთარი სიცოცხლის ფასად ვიცავდით, არ დავუშვებთ, რომ ქართული ჯარი ვინმემ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.
ჩვენო თანამებრძოლებო! ნურავის მისცემთ თქვენი სამხედრო მუნდირის, დაღუპული გმირების ხსოვნის პოლიტიკურ იარაღად გამოყენების საშუალებას. ნურავის მისცემთ შეიარაღებულ ძალებში დაპირისპირების გაღვივების უფლებას. ქართული ჯარი ყოველთვის ემსახურებოდა სამშობლოსა და საკუთარი ხალხის ინტერესებს. ქართული შეიარაღებული ძალები, არა რომელიმე პოლიტიკური ძალის სამსახურში, არამედ ქვეყნის სადარაჯოზე დგას და ყოველთვის ასე დარჩება.’’- განაცხადა საქართველოს გენერლების სახელით, ბრიგადის გენერალმა, გიორგი სურმავამ.