ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების უმაღლესი განათლების დაფინანსების პროგრამა
სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბიუჯეტის ასიგნებებიდან აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა უფინანსდებათ იმ ვეტერანებს, მათ შვილებს, მარჩენალდაკარგულებსა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე საქართველოში სწავლობენ აკრედიტებულ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო ან დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე, გარდა იმ სტუდენტებისა, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე 2026-2027 სასწავლო წლიდან სწავლობენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო.
დაფინანსების ოდენობა შეადგენს სწავლის წლიური საფასურის არაუმეტეს 50%-ს.
დაფინანსების მიმღები პირები არიან შემდეგი სტუდენტები:
- სამსახურის ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ვეტერანები;
- სამსახურის ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები და მარჩენალდაკარგულები;
- ომის შემდეგ გარდაცვლილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანთა შვილები;
- სამსახურის ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ვეტერანების შვილები.
2026-2027 წლების შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიღების მიზნით ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის ვადად განისაზღვრა 2026 წლის 2 სექტემბრიდან 2026 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი.
2026-2027 სასწავლო წლის სწავლის საფასურის დაფინანსების ოდენობა განისაზღვრა ჯამურად ორივე სემესტრში არაუმეტეს 1125 (ათას ასოცდახუთი) ლარის ოდენობით. დაფინანსება გაიცემა სასწავლო წლის განმავლობაში ორჯერ, თითოეულ სემესტრში არაუმეტეს 562.50 ლარის ოდენობით.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, წერილობით განცხადებასთან ერთად, წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ვეტერანებისა და ომში დაღუპულის ოჯახის წევრების მიერ:
- საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;
- სამსახურის მიერ გაცემული ვეტერანის მოწმობის ასლი.
ომის შემდეგ გარდაცვლილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანთა შვილების მიერ:
- საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;
- დაბადების მოწმობის ასლი;
- გარდაცვლილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანი მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი.
სამსახურის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ვეტერანების შვილები:
- საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;
- დაბადების მოწმობის ასლი;
- ვეტერანი მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;
- ვეტერანი მშობლის ვეტერანის მოწმობის ასლი.
განცხადების განსახილველად საჭირო სხვა დოკუმენტაციის/ინფორმაციის გამოთხოვას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან უზრუნველყოფს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური.
გაეცანით:
- სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2021 წლის 1 ივნისის №SSVA 00011618 ბრძანება და მასში შესული ცვლილებები;
- სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2026 წლის 2 სექტემბრის №SSVA 00011618 ბრძანება;
- სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2026 წლის 2 სექტემბრის №SSVA 00026913 ბრძანება.

