საქართველომ რუსეთს სტრასბურგში დავა მოუგო

Posted by nona shamatava

დღეს, საქართველოს უახლეს ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა_  ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, საქართველოს გამარჯვებით დასრულდა დავა _  ‘’საქართველო რუსეთის წინააღმდეგ’’. 

სტრასბურგის სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.  სასამართლოს დიდი პალატის მიერ, ამ დარღვევების აღიარებით დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, რუსეთმა ქართველების ეთნიკური წმენდა განახორციელა. სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის. სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა სამოქალაქო პირების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევისათვის. სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისათვის და სხვა არაერთი დარღვევისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე აგვისტოს ომის სახელითაა ცნობილი, სტრასბურგის  გადაწყვეტილება ეხება არა მხოლოდ  ცხინვალის რეგიონს, არამედ აფხაზეთსაც და იქაც ადგენს რუსეთის, როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს პასუხისმგებლობას.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ეს ისტორიული გადაწყვეტილება, უმნიშვნელოვანესი ბერკეტია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის  მშვიდობიანი გზით აღდგენისთვის; დღევანდელი გამარჯვება, უპირველეს ყოვლისა, ყველა იმ ჯარისკაცის თუ ოფიცრის დამსახურება და გამარჯვებაა, ვინც  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას შეეწირნენ! კიდევ ერთხელ ქედს ვიხრით მათი ხსოვნის წინაშე!

დღევანდელ დღეს ვულოცავთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, საქართველოს ყველა მეგობარს და რა თქმა უნდა, ყველა ვეტერანს, ვისაც თავი არ დაუზოგავს ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში! ეს თითოეული ჩვენგანის გამარჯვებაა!

კიდევ ერთხელ გილოცავთ! ღმერთი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას!

Leave a Reply