აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს დაღუპულ მებრძოლებს სახელმწიფო ჯილდოები გადაეცათ

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 10 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთში დაღუპულ მეომრებს_ ბესიკ ნიკოლიშვილსა და მურმან გახოკიძეს, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის 2024 წლის 1 აპრილის N 01/04/01 განკარგულებით, სახელმწიფო ჯილდოები გადაეცათ.

ბესიკ ნიკოლიშვილი ვახტანგ გორგასლის II ხარისხის, ხოლო მურმან გახოკიძე _ ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. სახელმწიფო ჯილდო, ბესიკ ნიკოლიშვილის დედას, ქალბატონ მედეას და მურმან გახოკიძის მეუღლეს,ქალბატონ ლალის, საქართველოს პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში, გენერალ-ლეიტენანტმა, დავით თევზაძემ და პრეზიდენტის მრჩეველმა შეწყალების, მოქალაქეობის, დაჯილდოებისა და სამართლებრივ საკითხებში, ანგი ხუციშვილმა გადასცეს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლის ველზე დაცემულ მებრძოლთა ოჯახების მიმართ, თანაგრძნობა კიდევ ერთხელ გამოხატა და მათ გამძლეობისთვის მადლობა გადაუხადა. კობა კობალაძემ, მებრძოლთა ოჯახებს მხნეობა, ერთიანი ძლიერი საქართველო უსურვა, სამსახურის სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მათ თანადგომა აღუთქვა.

დაჯილდოების ცერემონიალს, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილე ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, მეომართა ოჯახის წევრები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ს/ნ 2054-ის ყოფილი სერჟანტი, ბესიკ ნიკოლიშვილი, დაიბადა 1972 წლის 21 იანვარს გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფში. იგი 1993 წლის 2 ივლისს,მოწინააღმდეგის მიერ დესანტის გადმოსხმის დროს, საბრძოლო დავალების შესრულებისას, კინდღში დაიღუპა. ბესიკ ნიკოლიშვილი, წლების განმავლობაში, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. 2023 წლის დეკემბერში, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ბესიკ ნიკოლიშვილის ნეშტი აფხაზეთიდან გადმოასვენეს და მშობლიურ სოფელ მარტყოფში, სამხედრო პატივით დაკრძალეს.

აფხაზეთის სამხედრო პოლიციის სამმართველოს სოხუმის ბატალიონის ოცეულის მეთაურის ყოფილი მოადგილე, მურმან გახოკიძე დაიბადა  1957  წლის  11 ოქტომბერს, ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ცაგერაში. იგი 1992 წლის 11 ოქტომბერს, დაბა ტამიშში, მოწინააღმდეგესთან შეტაკების დროს, თავგანწირულად იბრძოდა და გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. დაკრძალულია სოხუმთან, სოფელ  ზემო კელასურში, საგვარეულო სასაფლაოზე.