კობა კობალაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა დედებს დედის დღე მიულოცა

Posted by nona shamatava

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა  დედებს, მეუღლეებსა და ოჯახის წევრ ქალბატონებს დედის დღე მიულოცა, ყვავილები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა და გმირი შვილების გაზრდისთვის, გამძლეობისთვის მადლობა გადაუხადა, დღეგრძელობა და მხნეობა უსურვა.

ღონისძიება გაიმართა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაკარგულ და დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის მუზეუმში, რომელიც 2003 წლის 30 აგვისტოს, ფონდ ‘’მოლოდინის’’ ინიციატივით დაარსდა. ფონდი ‘’მოლოდინი’’სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგული დედებს, მეუღლეებს და ოჯახის წევრ ქალბატონებს აერთიანებს და 1993 წლის 14 დეკემბრიდან_მისი დაარსების დღიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაკარგული მეომრების სამარხების შესახებ ინფორმაციებს მოიძიებს, შესაბამის უწყებებსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს გადასცემს. ფონდის წევრთა ჩართულობით, არა ერთი მეომრის ნეშტი დაუბრუნდა ოჯახებს.

‘’თქვენ ყველაზე უკეთ იცით, რას ნიშნავს სამშობლოსათვის თავგანწირვა! თქვენმა შვილებმა, ძმებმა, მეუღლეებმა საქმით, საკუთარი სიცოცხლით დაამტკიცეს სამშობლოს სიყვარული და ერთგულება! მათ ხმამაღლა არ უყვირიათ, იარაღი აიღეს ხელში მაშინ, როცა ჩვენს სამშობლოს დაცვა სჭირდებოდა და თავი გაწირეს სამშობლოსთვის! მაშინ, როცა დღეს უდიდესი იმპერიები აღარ არსებობს, სწორედ ამ თავგანწირული ვაჟკაცების, მათი დედების წყალობით მოვიდა ეს ქვეყანა აქამდე და კიდევ იარსებებს!’’_ განაცხადა კობა კობალაძემ

აფხაზეთის ომში უგზო უკვლოდ-დაკარგული მეომრის, ნუკრი დოლიაშვილის დედამ, ქალბატონმა თამარ დორეულმა, სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ დედებს და რუს დედებსაც მიმართა: ‘’დედას ეროვნება არ აქვს…ამიტომ მე მინდა, რუს დედებს მივმართო:  დედებო, რუსო ქალნბატონებო, გამოდით გარეთ, ნუ გეშინიათ! დაიცავით თქვენი შვილები, სიკვდილისაგან დაიცავით; ამ ბოროტებისაგან დაიცავით. ყველანი აღსდექით ამ ბოროტების, ამ მონსტრის წინაშე… მე, გამწარებული დედა, რომელსაც ძვლებიც ვერ მიპოვია ჩემი შვილისა, მოგმართავთ თქვენ, ქართველი დედების სახელით: გევედრებით, გაიყვანეთ თქვენი შვილები და დაამყარეთ მშვიდობა, რადგან მხოლოდ დედებს შეგიძლიათ, მშვიდობა დაამყაროთ ამ ქვეყანაზე!’’

სოხუმის დაცემის დღეს, უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრის, მიხეილ ავჭალელის მეუღლემ, ქალბატონმა სონია ავჭალელმა, კობა კობალაძეს და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დღევანდელი დღის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა: ‘’დიდი ხანია ასეთი ჟესტი არავის გაუკეთებია..დიდი მადლობა თქვენ, რომ გახსოვთ ეს ხალხი… მადლობა, რომ დღეს გაგვაბედნიერეთ!..’’