ომის ვეტერანი შალვა კუპატაძე 103 წლის გახდა

Posted by nona shamatava

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში მცხოვრები შალვა კუპატაძე 103 წლის გახდა.

ვეტერანს, იუბილე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს წარმომადგენლებმა, თამაზ კალატოზიშვილმა, ბესიკ ყალამაშვილმა და ალექსი ოთარაშვილმა მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

შალვა კუპატაძე, 1919 წელს, ფშაველში დაიბადა და დღეს, ამ სოფლის უხუცესი მკვიდრია. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, 1939 წელს, ქალაქ ვორონეჟში გაიწვიეს. შემდეგ, კურსკის ოლქში გადავიდა. მსახურობდა ბალტიისპირეთშიც; ცხენოსან მზვერავს, დღესაც ნათლად ახსოვს ომის ყველა ეპიზოდი. ფრონტზე ეწვია პირველი სიყვარულიც; შეუყვარდა მედდა რომელზე დაქორწინებასაც აპირებდა, მაგრამ გოგონა, ქალაქ გორკში, საჰაერო დაბომბვისას, მის თვალწინა დაიღუპა, როცა იგი დაჭრილი მეომრის გამოსაყვანად მიდიოდა. შემდეგ ბლოკადაში მოქცეული ლენინგრადის (ახლანდელი სანქტ-პეტერბურგი) დასახმარებლად გაეშურა, სადაც 1943 წელს, მძიმედ დაიჭრა და იძულებული გახდა, ფრონტის ხაზი მიეტოვებინა.

ომიდან დაბრუნების შემდეგ დაქორწინდა, მეზობელი სოფლის, ნაფარეულის საშუალო სკოლაში, დაწყებით სამხედრო მომზადებას ასწავლიდა. ასაკის მიუხედავად, 103 წლის ვეტერანი, მხნედაა, თავად უვლის ვენახს, ძალიან უყვარს სტუმრები და როგორც თავად ამბობს, ჯანმრთელობას არ უჩივის; შალვა კუპატაძეს, 3 შვილი, 6 შვილიშვილი, 13 შვილთაშვილი და 2 შვილთაშვილის შვილი ჰყავს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური  ულოცავს შალვა კუპატაძეს იუბილეს, დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და მხნეობას უსურვებს.