Posted by nona shamatava

დღეს ქართული არტილერიის დღეა

დღეს,   ქვეყანაში ქართული არტილერიის დღე აღინიშნება.  ამ თარიღთან დაკავშირებით,  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ მაიორმა კობა კობალაძემ,  სამსახურის თანამშრომლებთან, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ირაკლი ბერაიასთან ,აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლებთან,  პარლამენტის წევრებთან და ვეტერანებთან ერთად, გმირთა  მემორიალზე , ქართველ არტილერისტთა და საქართველოს ტერიოტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

1993 წლის 15-16 მარტს, აფხაზეთში, სეპარატისტებმა, დაქირავებულმა ჩრდილო-კავკასიელმა ბოევიკებმა და რუსულმა სადესანტო შენაერთებმა, მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8 კმ-იან ფრონტის ხაზზე, ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და არტილერიამ სოხუმისკენ წამოსულ მოწინააღმდეგეს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა და იძულებული გახადა, უკან დაეხია. უთანასწორო ბრძოლაში, ქართველმა მებრძოლებმა, საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე გადაარჩინეს. სწორედ ქართველ არტილერისტთა ეს შეუპოვარი ბრძოლა გახდა საფუძველი 15 მარტს ქართული არტილერიის დღის აღნიშვნისა.

კობა კობალაძემ, ქართველ არტილერისტებს  დღევანდელი დღე მიულოცა და კიდევ ერთხელ გაიხსენა 1993 წლის 15/16 მარტს, აფხაზეთში, მდინარე გუმისთაზე, გაცილებით კარგად შეიარაღებული და მრავალრიცხოვანი მტრის წინააღმდეგ  ბრძოლის დროს, ქართველი არტილერისტების გამორჩეული თავდადება და წარმატება:’’ “დღეს არის 15 მარტი, საქართველოს არტილერიის დღე. მაქვს პატივი, მივულოცო ყველა არტილერისტს, ყველა მამულისათვის თავდადებულ კაცს, ქალს. მინდა, კიდევ ერთხელ მოვიხსენიოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში გმირულად დაღუპული ჩვენი თანამემამულენი და რაც უმთავრესია, კიდევ ერთხელ გაგახსენოთ ის დიადი 15-16 მარტი, როდესაც სოხუმზე, რუსეთის გენერალურ შტაბში დაგეგმილი შეტევა იყო არა მარტო მოგერიებული, არამედ წარმატებით დასრულებული სამხედრო ოპერაციები. ეს კიდევ ერთი დამადასტურებელია, იმისა რომ ჩვენ ერთად დგომით ძალგვიძს გავაერთიანოთ და გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა,”- განაცხადა კობა კობალაძე.