ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და სასწავლო-საცურაო კომპლექს „ოლიმპიკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმად, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები კომპლექსის მომსახურებით სარგებლობას 50%- იანი ფასდაკლებით შეძლებენ. ამ გადაწყვეტილებით სპორტკომპლექსის დამფუძნებლებმა საკუთარი მხარდაჭერა გამოხატეს იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც წლების განმავლობაში საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ სამშობლოს.
შეღავათები ვრცელდება საცურაო აუზსა და სატრენაჟორო დარბაზებზე. ფასდაკლებით სარგებლობის მსურველმა ვეტერანებმა და მათი ოჯახების წევრებმა განცხადებით უნდა მიმართონ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს. დამატებით ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ სამსახურის ცხელ ხაზს: 2 48 26 26
სასწავლო-საცურაო კომპლექსი „ოლიმპიკი“ 1999 წელს გაიხსნა და უდიდესი სპორტული კომპლექსია საქართველოში. მიზანი – საქართველოში სპორტული ინდუსტრიის გლობალური განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. მის შემადგენლობაში სამი სხვადასხვა დანიშნულების დახურული საცურაო აუზი, ფიტნეს სტუდია და სავარჯიშო დარბაზია, სადაც ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულებს მაღალი ხარისხის მომსახურება ელით.