ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში დოკუმენტური ფილმის ”ცხოვრება ომთან ერთად” ჩვენება გაიმართა

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 2 თებერვალს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სამსახურის თანამშრომლის, აფხაზეთის ომის ვეტერან, ჟურნალისტ ზაირა მიქატაძის დოკუმენტური ფილმის: ”ცხოვრება ომთან ერთად” ჩვენება, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს მიეძღვნა. ზაირა მიქატაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გასული წლის აგვისტოში მივლინებულ იქნა უკრაინაში, საომარი მოქმედებების ზონაში; დოკუმენტური მასალა ომის სისასტიკეს და რუსული საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის ქალაქებში, მათ შორის_ გოსტომელში, ირპინსა და ბუჩაში დატრიალებულ ტრაგედიას ასახავს; ზაირა მიქატაძე შეხვდა და გაესაუბრა ქართველ მებრძოლებს, რომლებიც დღეს, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის იბრძვიან. წარმოდგენილი იყო, ასევე, უკრაინაში, რუსული აგრესიის  ამსახველი ფოტოგამოფენა.

მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, მედიის წარმომადგენლები, აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრის, გოგიტა კიკნაძის სახელობის 182-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, კინოდოკუმენტალისტი ნინო ჩუტკერაშვილი, რომელიც ფილმის თანაავტორი გახლავთ.

კობა კობალაძემ თავის მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობას და იმ მხარდაჭერას, რომელსაც მოძმე ერები ერთმანეთის მიმართ იჩენენ განსაცდელის ჟამს:’’ ჩვენ, ქართველებმა, ბოლო 30 წლის განმავლობაში, არა ერთგზის ვიწვნიეთ ჩრდილოელი ოკუპანტისა და საერთოდ, ომის მთელი სისასტიკე! ალბათ, ესეცაა მიზეზი იმისა, რომ ყველაზე უკეთ ჩვენ გვესმის დღეს, უკრაინაში დაობლებული შვილების, შვილმკვდარი დედების და განადგურებული, სიცოცხლეწართმეული ქალაქებისა და სოფლების, გახლეჩილი ქვეყნის ტკივილი! ჩვენი დედები უკრაინელ დედებთან ერთად დასტირიან თავიანთ გმირ შვილებს!  უკრაინელებს და ქართველებს,მეგობრობა და ძმობა, გასაჭირში ერთმანეთის გვერდით დგომა არა ერთგზის გამოგვიცდია და დღესაც ეს ჟამი გვიდგას! მე არასოდეს დამავიწყდება და ხშირად ვიხსენებ, ერთგვარ წინასწარმეტყველებად ქცეულ სიტყვებს, რომლებიც 1993 წელს, აფხაზეთის ომში, სოხუმის მისადგომებთან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ახალგაზრდა უკრაინელი მებრძოლის, ლეონიდ ობუხის მამამ წარმოთქვა შვილის ცხედართან: ,,თუ რუსებს დღეს მდინარე გუმისთაზე ვერ შევაჩერებთ, ხვალ დნეპრის ნაპირებზე მოგვიწევს თავის დაცვა“. ჩვენი თანამშრომლის, ზაირა მიქატაძის მიერ, ფრონტის წინა ხაზიდან წამოღებული კადრები სწორედ ამ წინასწარმეტყველებად ქცეული სიტყვების ნათელი დადასტურებაა! ჩვენ, სამხედროებმა, ყველაზე უკეთ ვიცით მშვიდობის ფასი! მინდა, გამარჯვება ვუსურვო მოძმე უკრაინელ ხალხს! ღმერთმა დალოცოს უკრაინა და საქართველო!’’_აღნიშნა კობა კობალაძემ.

ფილმის ჩვენების შემდეგ, დარბაზში ონლაინ რეჟიმში ჩაერთო უკრაინაში მცხოვრები აფხაზეთის ომის ვეტერანი, თადარიგის პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე, რომელიც აქტიურადაა ჩართული უკრაინაში მიმდინარე პროცესებში. მან ხაზი გაუსვა იმ მხარდაჭერას, რასაც საქართველო უცხადებს უკრაინას საერთაშორისო დონეზე.

კობა კობალაძემ, მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა, ზაირა მიქატაძეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საპატიო სიგელი და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა; სამსახურის სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ სკოლის მოსწავლეებსაც.