პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში, სპორტის რამდენიმე სახეობაში ჩემპიონატები გაიმართა

Posted by nona shamatava

პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ საზაფხულო ფაზამ , რომელსაც ახალგაზრდული მედიაკავშირი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით ახორციელებს, ბორჯომის ადაპტირებულ საველე ბანაკში 200–მდე შშმ პირს, დაჭრილ ჯარისკაცსა და ომის ვეტერანს უმასპინძლა. ჯომარდობის, პეინტბოლის, მშვილდოსნობისა და ზიპლაინის ინტეგრირებულ ტურნირებში ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ საქართველოს სხვადასხვა რაიონის მუნიციპალიტეტის_თბილისის, საგარეჯოს, მარნეულის, ქუთაისის, გორის ბორჯომის, ხაშურის, ბაღდათის, ტყიბულისა და,ასევე,  ომის ვეტერანთა გუნდები. მონაწილეები ძალებს არ ზოგავდნენ და ბოლომდე იბრძოდნენ გამარჯვებისთვის, თუმცა, მოწინააღმდეგე გუნდის წევრებსაც ამხნევებდნენ და აცხადებდნენ, რომ პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ტურნირებში ყველა გამარჯვებულია.

აფხაზეთის ომის გმირის, გოდერძი ზაქარაიას სახელობის ჯომარდობის ინტეგრირებული ჩემპიონატი მეტად აზარტული აღმოჩნდა. რამდენიმე ეტაპად გამართულ ჩემპიონატში გულმოდგინედ ასპარეზობდნენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის გუნდები, თუმცა, პირველობა არავის დაუთმეს ქუთაისის გუნდის წევრებმა და გარდამავალი თასიც ერთი წლით ქუთაისში წააბრძანეს. ქუთაისელები ერთი გამარჯვებით  არ დაკმაყოფილდნენ  და პეინტბოლის ჩემპიონატშიც გამოიჩინეს თავი, თავდაუზოგავად იბრძოლეს, ფინალშიც გადავიდნენ, პირველობაც მოიპოვეს და პეინტბოლის გარდამავალი თასი  ერთი წლით კვლავ ქუთაისში დაიდებს ბინას.

არანაკლებ  წარმატებული აღმოჩნდა საზაფხულო ჩემპიონატების ფაზა მარნეულის ექვსეულებისთვისაც.  მათ ანგარიშზეც ზედიზედ 2 გამარჯვებაა-   მშვილდოსნობისა და ზიპლაინის ჩემპიონატებში. მდინარე მტკვარში ჩაკიდებულ ნავში, მამაცთა ბაგირიდან, ყველაზე მეტი ბურთი ჩაყარეს, ხოლო მშვილდოსნობის ჩემპიონატში, გუნდურად მიზანში საუკეთესო სროლები განახორციელეს, ყველაზე მეტი ქულა მოიპოვეს და მარნეულში გამარჯვებულები დაბრუნდნენ.  

ჩემპიონატების გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი პრიზები, ფასიანი საჩუქრები, დიპლომები და მედალები.

კომპანია ზედაზენმა, გამარჯვებულებისთვის, პრიზებად, წელსაც საკუთარი პროდუქციის ნაკრებები დააწესა. ტურნირის გენერალური სპონსორია „აჭარაბეთი“,სპონსორები „სოკარი’’ და „თოლია“, ხოლო მასპინძლობა კომპანია „ზედაზენმა“გასწია.

ახალგაზრდული მედიაკავშირის თავმჯდომარის, ხატია გავაშელის განცხადებით, პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას.