დღეს 29 აპრილს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში გლდანის რაიონის ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება ჩაუტარდათ. მემორანდუმის ფარგლებში მომსახურეობა გაეწია უწყების 120-ზე მეტ ბენეფიციარს. რამდენიმე მათგანს დაუდგინდა რთული მდგომარეობა და გადაყვანილ იქნა კარდიოლოგიური ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.
ურთიერთთანამშროლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის მიმდინარე წლის 10 აპრილს გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, წინასწარ შერჩეულ მიზნობრივ ჯგუფებს გეგმის მიხედვით ჩაუტარდებათ გამოკვლევები და გაეწევათ კონსულტაციები კლინიკის წამყვანი სპეციალისტების მიერ. კარდიოლოგიურ ცენტრში, პერმანენტულად ვეტერანთათვის და მათი ოჯახის წევრებისთვის კვლავაც ჩატარდება კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება, რომლის შესახებაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რაიონული და რეგიონული წარმომადგენლები წინასწარ შეატყობინებენ უწყების ბენეფიციარებს. უფასო სამედიცინო მომსახურეობით (ექიმის კონსულტაცია, ექოსკოპიური გამოკვლევა, ელექტროკარდიოგრამა) ისარგებლებენ როგორც თბილისის ისე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები.