21 ივნისს  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის ინიციატივით გაიმართა სათათბირო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა.

უწყების ხელმღვანელი ვლადიმერ იმნაძე და საბჭოს წევრები  ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალის დირექტორობის კანდიდატთა სამოქმედო გეგმებს, ხედვებს და განვითარების კონცეფციას გაეცნენ.

შეხვედრაზე საბჭომ ვეტერანთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესების საშუალებებსა და არსებული პრობლემების გადაწყვეტის გზებზე, ასევე  სამსახურის მიერ მთავრობაში ვეტერანთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით წარდგენილ ინიციატივებსა და მათზე სამინისტროების მიერ გაცემულ პასუხებზე იმსჯელა.

განხილვის საგანი გახდა წესი ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის  დამტკიცების შესახებ და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აგვისტოს 509-ე დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზანშეწონილობა.

შეხვედრაზე გადაწყდა საბჭოს ახალი წევრის დამტიცება. სამსახურის დირექტორმა საბჭოს წევრებს უწყების ახალი ოფისის მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ვეტერანთა საკონსულტაციო-სათათბირო საბჭო უწყების  საქმიანობის გამჭვირვალობის, მუშაობის საჯაროობის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული პრინციპებით მართვის გამო შეიქმნა. საბჭო დაკომპლექტებულია ვეტერანთა საკითხებზე  მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და საზოგადოებისათვის ცნობილი და ავტორიტეტული ყოფილი და მოქმედი სამხედრო პირებით.