ამპუტანტ ფეხბურთელთა ტურნირის ფინალურ მატჩში, თბილისის „თბილისსა“ და ზესტაფონის „მარგვეთს“ შორის დედაქალაქის გუნდმა გაიმარჯვა ანგარიშით 4-1. საფეხბურთო ტურნირი ორი დღის განმავლობაში, 6 და 7 აგვისტოს „იმედის“ სპორტულ მოედანზე მიმდინარეობდა. ასპარეზობაში თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, გორისა და ზესტაფონის გუნდები მონაწილეობდნენ. გამარჯვებული გუნდები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაალ კაპანაძემ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა კობა კობალაძემ და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ შალვა ჯაბახაძემ დააჯილდოვეს. საპრიზო ადგილებისთვის მატჩებს 2008 წლის ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელები დაესწრნენ. საფეხბურთო შეჯიბრი საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ფედერაციის, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით და მხარდაჭერით გაიმართა.

საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 1 ოქტომბერს თურქეთში  აიღებს სტარტს. საქართველოს ნაკრებთან ერთად წილისყრით ქვეჯგუფში საბერძნეთისა და ბელგიის გუნდები მოხვდნენ.