საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეზოში კამპანია “აღადგინეს” შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. საღამოს იმ კომპანიების და უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ბორჯომის გადამწვარი ტყის აღდგენის პროცესში. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, ისევე როგორც სხვა კომპანიებს, გადაეცა მადლობის სერტიფიკატი ტყის აღდგენისთვის. მოწვეულმა სტუმრებმა მოისმინეს ანგარიში კამპანიის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების და დარგული ხეების შესახებ. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა,ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა სიმონ კობეშავიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მომავალშიც აპირებენ აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას. “მადლობას მოგახსენებთ ორგანიზატორებს ამ წამოწყებისთვის. ჩვენი შედეგი შეიძლება არ არის დიდი, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ეს ხეები დაირგო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების სახელით. ჩვენ ვიღებთ ამას არა როგორც ჯილდოს, არამედ როგორც ავანსს, რათა მომავალში უფრო დიდი შედეგი დავდოთ”- აღნიშნა სიმონ კობეშავიძემ. კამპანიაში მონაწილეობა მიიღო 150-მდე კომპანიამ და 5.000-მდე ფიზიკურმა პირმა. ამ ეტაპზე, კამპანიის ფარგლებში დაირგო 45,270 ხე, კამპანიის ორგანიზატორია “ბია” და ხორციელდება სტარტაპ “თრიფექსის” ტექნოლოგიური უზრუნველყოფით. კამპანია “აღადგინე ბორჯომის ტყე” 25 აპრილს დაიწყო. სექტემბერში ბორჯომის ტყის ტერიტორიაზე დარგვის პროცესი განახლდება. პროექტის მიზანია ბორჯომის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 2008 წელს გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურებული 250-მდე ჰექტარი ტყის საფარის აღდგენა.
- ცხელი ხაზი: 2 48 16 26
- info@veterans.gov.ge