ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დელეგაცია, რომელიც ოფიციალური მიწვევით უკრაინის ქ.ხერსონში იმყოფებოდა, სამშობლოში დაბრუნდა. ვიზიტის ფარგლებში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე და დირექტორის პირველი მოადგილე ნიკოლოზ კვეზერელი 24 აგვისტოს, ხერსონის მოქალაქეებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს დაესწრნენ.
ქართულმა დელეგაციამ დაათვალიერა გამოფენა, „ისინი უკრაინისა და საქართველოსთვის იბრძოდნენ. გამოფენა სპეციალურად ვიზიტის დროს გაიხსნა ხერსონის ოლქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
გამოფენის ორგანიზებაში მონაწილეობა საქართველოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმაც მიიღო. ქართულმა დელეგაციამ გამოფენაზე წარადგინა ექსპოზიციები, სადაც განთავსებული იყო მასალები იმ უკრაინელი მეომრების შესახებ, რომლებიც აფხაზეთის ომში ქართულ მხარეს ეხმარებოდნენ. ბატალიონ „დონბასის“ მეომრებმა თავის მხრივ უკრაინის ერთიანობისთვის დაღუპულ ქართველ მებრძოლთა შესახებ წარმოადგინეს მასალები.
ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმიც, რომელიც უკრაინაში მიმდინარე საომარ ვითარებას ასახავს. დასასრულს ვლადიმერ იმნაძემ მასპინძლებს საჩუქრები გადასცა. ქალაქის მერმა, ვლადიმერ მიკოლაენკომ კი მას ეროვნული „ვიშივანკა“ უსახსოვრა.
ექსპონატები საჩუქრად გადაეცა ხერსონის ქართველთა სათვისტომოს, რომელიც ანალოგიურ გამოფენებს უკრაინის სხვადასხვა ქალაქში გამართავს.
გამოფენას ქართველ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ ხერსონის ოლქის გუბერნატორი, ქალაქის მერი, ბატალიონ “დონბასის” მეომრები, მათი ოჯახის წევრები და ხერსონელები.